ჭადრაკი

22:30 | 5.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქულათა მაქსიმუმით ხუთეული დაწინაურდა

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის 3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმი ხუთ მოჭადრაკესღა შერჩა. ესენი რუსები ვლადისლავ არტემიევი (2621), ალექსანდერ რიაზანცევი (2689) და ევგენი ნაიერი (2633), ისრაელის სახელით მოთამაშე ილია სმირინი (2644) და ლატვიელი იგორ კოვალენკო (2626) არიან.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავას გააჩნია, რომელმაც ამჯერად თეთრი ფიგურებით მიკაელ როიზი (ისრაელი, 2591) დაამარცხა და 2.5 ქულით მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართულ დაპირისპირებაში ნანა ძაგნიძემ (2546) ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) დაამარცხა და ლუკა პაიჭაძის (2529), გიგა ყუფარაძის (2507) და გიორგი სიბაშვილის (2239) დარად 2.0 ქულა მოაგროვა.

ამ უკანასკნელის გარჯა განსაკუთრებითაა გამოსარჩევი. სიბაშვილი განთესვით მხოლოდ 203-ე ადგილზეა, თუმცა, ამჟამად 59-ე პოზიციაზე იმყოფება. გიორგიმ სამივე პარტია რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეებთან – ვლადისლავ ნევედნიჩნისთან (რუმინეთი, 2591), ავეტიკ გრიგორიანთან (სომხეთი, 2583) და რობერტ აღასარიანთან (2503) გამართა და მათთან ჭიდილში ორ ყაიმსა და ერთ გამარჯვებას გამორჩა.

მე-4 ტურში სიბაშვილი თეთრი ფიგურებით სომეხ რაფაელ ვაგანიანს (2570) ეთამაშება, ძაგნიძე თეთრებითვე უნგრელ ზოლტან ალმაშის (უნგრეთი, 2704) დაუპირისპირდება, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი სხვა ქართველი მოჭადრაკეები კი შავებით იასპარეზებენ და თანაც ყველა – რუსების წინააღმდეგ. ჯობავა ალეკსანდრ შიმანოვს (2649) გაეჯიბრება, პაიჭაძე – ალეკსეი დრეევს (2679), ხოლო ყუფარაძე – ვადიმ ზვიაგინცევს (2653).

შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლო მესამეადგილოსანი – 14 000-ს.

შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.

ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მეექვსე ნომრადაა განთესილი.

 

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-3 ტური

ლევან ფანცულაია (2606) – დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2723) 0:1

ბაადურ ჯობავა (2716) – მიკაელ როიზი (ისრაელი, 2591) 1:0

ლუკა პაიჭაძე (2529) – ჩაბა ბალოგი (უნგრეთი, 2651) 0.5:0.5

დარიუშ შვიერჩი (პოლონეთი, 2631) – გიორგი ბაღათუროვი (2408) 0.5:0.5

მერი არაბიძე (2388) – დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა, 2582) 0.5:0.5

მირჩეა-ემილიან პარლიგრაში (რუმინეთი, 2572) – ივერი ჭიღლაძე (2365) 1:0

იან-კრშიშტოფ დუდა (პოლონეთი, 2563) – ირაკლი ბერიძე (2364) 1:0

ნანა ძაგნიძე (2546) – ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) 1:0

გაიოზ ნიგალიძე (2527) – ჰაიკ ვარდანიანი (სომხეთი, 2327) 0.5:0.5

გიგა ყუფარაძე (2507) – ოფირ აჰარონი (ისრაელი, 2316) 1:0

რობერტ აღასარიანი (სომხეთი, 2503) – გიორგი სიბაშვილი (2239) 0:1

ზოჰრაკ აპრესიანი (სომხეთი, 2136) – სალომე მელია (2453) 0.5:0.5

ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) – არიელ ერენბერგი (ისრაელი, 2092) 1:0

სვეტლანა ჩერედნიჩენკო (უკრაინა, 2270) – ნატო იმნაძე (2100) 1:0

ნოე თუთისანი (2137) – არტურ დავთიანი (სომხეთი, 1843) 0.5:0.5

ნიკა ღვამბერია (2133) – ლატუშ სიმონიანი (სომხეთი, 1799) 1:0

0.118355