კალათბურთი

18:48 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქორქია-საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებულთა სიას ახალი გუნდი შეემატება

მიუნხენის (გერმანია) 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულების, მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალის მე-9 გათამაშების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ტურნირის გამარჯვებულთა სიას - “რუსთავის” (ოთხგზის გამარჯვებული), “თბილავიამშენის” (1), თსუ-ს (1), “არმიას” (1) და “ოლიმპის” (1) შემდეგ მე-6 გუნდი შეემატება, რომლის ვინაობაც ფინალში მოასპარეზე “სოხუმი”-“დინამოს” მატჩის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი “დინამო” მემორიალის ფინალში პირველად თამაშობს. რაც შეეხება “სოხუმს”, ზღვისპირელებმა ერთხელ უკვე გააღწიეს ფინალში, მაგრამ 2011 წლის 21 ივნისს, მემორიალის მე-6 გათამაშებაში, თსუ-თან დიდი ანგარიშით – 86:102 დამარცხდნენ.

“დინამომ” ფინალში თამაშის უფლება იოლად მოიპოვა, რადგან მეტოქეებად ერთ-ერთი აუტსაიდერი “რუსთავი” და “შსს აკადემია” ერგო, რომელიც მეორე შემადგენლობით ასპარეზობს. რაც შეეხება “სოხუმს”, ზღვისპირელებმა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერის “ოლიმპის” დამარცხების შემდეგ, “არმიასთან” შეხვედრაში საკმაოდ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს.

მიმდინარე სეზონში ორივე გუნდი კარგად თამაშობს. “სოხუმმა” უკვე შეძლო დუდუ დადიანის მემორიალის მოგება და მეორე ტურნირის მოგების შანსი აქვს. ეროვნულ ჩემპიონატში კი პირველი წრის შემდეგ (5 მოგება, 3 წაგება), “ბათუმი რსუ”-თან ერთად IV-V ადგილებს ინაწილებს.

რაც შეეხება “დინამოს”, ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა დადიანის მემორიალი გამოტოვეს, ხოლო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერები არიან. მართალია, ფინალში ფავორიტად “დინამო” ითვლება, მაგრამ მისი დამარცხება რომ შესაძლებელია, სუპერლიგის მონაწილე “ქუთაისი-2010”-მა უკვე დაამტკიცა, რომელმაც “დინამოს” პირველი წრის ბოლო შეხვედრაში მიმდინარე სეზონში ერთადერთი დამარცხება მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ ქორქია-საკანდელიძის მემორიალის მე-9 გათამაშებაზე ექვსივე ადგილი გათამაშდება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ფინალის ჩათვლით, III-IV და V-VI ადგილებისთვის მატჩები სპორტკომპლექს “არენაში” ჩატარდება.

13:00 III-IV “არმია”-“რუსთავი”

15:00 V-VI “ოლიმპი”-“შსს აკადემია”

17:00 ფინალი “სოხუმი”-“დინამო

როლანდ ლაბუჩიძე

0.153962