ფეხბურთი

14:25 | 13.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ქონდრის კაცი”

ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის, საერთო აზრი იშვიათია, მაგრამ გარკვეული საკითხები, ეჭვს ნამდვილად არ იწვევს. ვფიქრობ, ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ რომარიო ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ჩია ტანის მქონე რომარიო დე სოუზა ფარიასმა, ფეხბურთის გულშემატკივრებს, თავისი თამაშითა და სკანდალებით, თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

ისევე, როგორც დიდი ბრაზილიელი ფეხბურთელების უმრავლესობა, რომარიოც უღარიბეს ოჯახში დაიბადა. ბიჭუნამ ფეხი რიო დე ჟანეიროს ქუჩებში აიდგა და უკვე 3 წლის ასაკში, გარშემომყოფებს ბურთთან ვირტუოზული დამოკიდებულებით აოცებდა. 1979 წელს, რომარიო “ვასკუ და გამას” ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა და უმალ მოიპოვა მწვრთნელთა ნდობა. სადებიუტო სეზონში, მან 18 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა, რის შემდეგაც, რომარიო მთელმა ბრაზილიურმა საფეხბურთო სამყარომ გაიცნო.

რომარიოს წარმატებულ პერიოდებს, იმედგაცრუებაც ყოველთვის თან ახლდა. პირველად, “ქონდრის კაცს” გული 1986 წელს ატკინეს. ბრაზილიელთა იმჟამინდელმა თავკაცმა ტელე სანტანამ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელ ფეხბურთელებს შორის არჩევანი იმათზე გააკეთა, ვინც უფრო გამოცდილი იყო. ამგვარად, 20 წლის მეგოლე მექსიკის მიღმა დარჩა. მუნდიალს უკავშირდება რომარიოს კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუებაც – 1998 წელს, “სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა მარიო ზაგალომ, თავდამსხმელი 23-კაციან განაცხადში არ შეიყვანა. მან ეს გადაწყვეტილება რომარიოს ტრავმით ახსნა. არადა, ფორვარდს კუნთი ჰქონდა ოდნავ გაჭიმული და მუნდიალამდე გამოჯანმრთელებასაც ასწრებდა. რომარიომ მწვრთნელს ეს გადაწყვეტილება არ აპატია და თავისი კუთვნილი რესტორნის საპირფარეშოში ზაგალოს პოსტერი დაკიდა. ცხადია, ამან ბრაზილიელთა მესაჭე გააღიზიანა და საქმე სასამართლომდეც კი მივიდა, მაგრამ გამარჯვებული ფეხბურთელი გამოვიდა. ამგვარად, ზაგალოს პოსტერი დღესაც რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის საპირფარეშოში ჰკიდია.

რომარიოს “ყვითელ პრესასთან” საკმაოდ “ახლო” ურთიერთობა ჰქონდა. მისი წყალობით, ჭორიკანა ჟურნალისტებს სალაპარაკო არასდროს ელეოდათ. თავდამსხმელს შეეძლო მთელი დღე ელოცა, საღამოს კი აღვირახსნილობას მიცემულიყო. მისი თავგადასავლები ყოველთვის განხილვის თემა იყო. “ბარსელონაში” თამაშისას, ვინმე სონია მონტროიდმა განაცხადა, რომ თავდამსხმელისგან 3 თვის ფეხმძიმედ იყო. ამ სკანდალურმა განცხადებამ ფეხბურთელს ოჯახიც კი დაუნგრია, მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა, სულ ტყუილად – დნმ-ის ანალიზმა რომარიოს მამობა არ დაადასტურა. აი, რა თქვა სასამართლოდან გამოსულმა ბრაზილიელმა: “ეს ბიჭუნა ძალიან მესიმპათიურა. სამწუხაროა, ასე რომ მოხდა. მის მამობაზე უარს არ ვიტყოდი. მგონი, ცოტათი მგავს კიდეც”.

ბევრისთვის დღემდე უცნობია, რატომ დატოვა რომარიომ “ბარსელონა”. როგორც ირკვევა, ამის მიზეზიც ქალები იყო. ბრაზილიელი გავლენიანი ესპანელების ქალიშვილებს ეკურკუებოდა, რაც მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. რამდენადაც ცნობილია, სწორედ “მკაცრმა მამიკოებმა” აიძულეს კატალონიელები, რომ რომარიო მოეშორებინათ. სხვათა შორის, ბრაზილიელი ავტომობილების დიდი მოყვარულიც იყო და ავარიებშიც მრავალჯერ მოყოლილა. ამის გამო, ფორვარდი ლაზარეთშიც არაერთხელ მოხვედრილა.

მიუხედავად ყველაფრისა, რომარიოს ხსენებაზე ხალხს დიდი ფეხბურთელი ახსენდება და ეს ასეც უნდა იყოს. “ქონდრის კაცს” ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში განსაკუთრებით უყვარდა და ამიტომაცაა, სამშობლოში რომ აღმერთებენ. გახსოვთ, ლეგენდარული “რო-რო”? ბევრის აზრით, რომარიოსა და რონალდოს დუეტი საუკეთესო იყო. ბრაზილიელებმა ეს ეფექტური ტანდემი 18 მატჩში გამოიყენეს, საიდანაც 14 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 2-ჯერ კი დამარცხდნენ. 18 მატჩში “სელესაომ” 54 გოლი მიითვალა. ამათგან, “რო-როზე” 34 გოლი მოდის. რომარიომ 19 გოლი მიითვალა, რონალდომ – 15.

რომარიო ახალგაზრდა ბრაზილიელებისთვის მასწავლებლადაც იქცა. ერთ-ერთი მისი მოსწავლე კი, რონალდო იყო. მსოფლიოს 2002 წლის ფინალურ მატჩზე საუბრისას, “კიჭამ” განაცხადა: “როდესაც კანის კარში გოლი გამქონდა, ვიფიქრე, რომარიოს სტილში დავარტყამ-მეთქი. საბედნიეროდ, უფროსი კოლეგის მიერ დანერგილი სტილი წარმატებული გამოდგა”.

და ბოლოს... რომარიოს სახელი უკვე 1000-გოლიან ნიშნულთანაც ასოცირდება. ბრაზილიელი მთელი კარიერის განმავლობაში ოცნებობდა ლეგენდარული თანამემამულის, პელეს რეკორდი გაემეორებინა და 1000 გოლი გაეტანა. საბოლოოდ, მან ამ მიზანსაც მიაღწია: 2007 წელს, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, თავისი მე-1000 გოლი მიითვალა, რის შემდეგაც, თამაში 20 წუთით შეწყდა. ცხადია, ქომაგები, ფეხბურთელები, მწვრთნელები და უბრალო ჟურნალისტებიც კი, რომარიოს ნანატრი ოცნების ახდენას ულოცავდნენ...

თეგებირომარიო
0.153438