“ზუგდიდის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას თავის შემცვლელად ბესო შეროზიას კანდიდატურა შესთავაზა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში მწვრთნელად არაერთი სეზონი უმუშავია.
- ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოსთან” წაგების (1:4) შემდეგ, გუნდიდან წახვედით. თუ გაირკვა მომავალ სეზონში “ზუგდიდს” ვინ გაწვრთნის?
- ჯერჯერობით გარკვეული არაა. გარკვეულია, რომ მე წავედი. ვინ იქნება მწვრთნელი საქმის კურსში არ ვარ. მე ჩემი ვარიანტი ვუთხარი და ბესო შეროზიას კანდიდატურა შევთავაზე, რომელიც ადგილობრივია. დანარჩენს თვითომ გადაწყვეტენ.
- თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ცხელ გულზე ხომ არ მიიღეთ?
- ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. ალბათ, გახსოვთ, რომ გორში “დილასთან” 0:6 წაგების შემდეგ, გუნდიდან წასვლა მინდოდა. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მთხოვა, რომ სეზონის ბოლომდე დავრჩენილიყავი. მაშინ, ჩემი წასვლა უფრო გამართლებული იქნებოდა, რადგან არც გუნდი მიიღებდა ასეთ ცუდ შედეგს და არც მე ჩავვარდებოდი ამ მდგომარეობაში.
- კლუბის სტრუქტურაში დარჩებით თუ ფეხბურთიდან ცოტა ხნით დაისვენებთ?
- კარგი იქნებოდა ცოტა ხანი რომ დამესვენა. კლუბის ხელმძღვანელობიდან შემოთავაზება თუ იქნება, რაც შემიძლია გუნდს დავეხმარები. რას შემომთავაზებენ, არ ვიცი. იქნებ, საერთო არაფერი შემომთავაზონ.
- მეორე ეტაპზე გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში დაასრულა ფრედ და დანარჩენი წააგო. “ზუგდიდის” ასეთ “ჩავარდნას” რით ახსნით?
- პასუხიმგებლობას არ გავურბივარ და წარუმატებლობაში ჩემი წვლილი დიდია. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. თუნდაც, ის ფაქტი, რომ გამოცდილმა მოთამაშეებმა დაგვტოვეს და სამუშაო პირობები არ გვქონდა. მინდორი, სადაც ვვარჯიშობდით კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ვარჯიშის შემდეგ, ფეხბურთელებს შხაპის გადავლების საშუალება არ ჰქონდათ და ქალაქის აბანოში დადიოდნენ. მოთამაშეებს ვთხოვდით, რომ რუხში ვარჯიშზე თავისი ავტომანქანებით ჩამოსულიყვნენ. სეზონის დასრულებამდე 2-3 კვირით ადრე, კლუბის დირექტორმა მალხაზ ჭეჟიამ რუხში გასახდელები და საშხაპეები საკუთარი სახსრებით გააკეთა. თურქეთში ნორმალური შეკრება გავიარეთ. თუმცა, ტრავმების გამო, ვაკო ტყემელაძე და დავით გამეზარდაშვილი გამოგვაკლდნენ, ხოლო ირაკლი ქობალია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდა. თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მივეცით, მაგრამ მათ მოტივაცია ეტყობა არ ჰქონდათ. ჩემი დანაშაული ისაა, რომ გუნდი ფსიქოლოგიურად ვერ მოვამზადე. ბოლო თამაშის წინ, ბიჭებს ვთხოვე, რომ ისეთი მონდომებით ეთამაშათ, გულშემატკივრებს მათთვის ტაში დაეკრათ. თუმცა, ამან არ გაჭრა. ვერ ვიტყვი, რომ არ მოინდომეს, მაგრამ უკვე იმ დონემდე იყვნენ მისული, რომ ეს მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა. ეტყობა, რადგან არ ვვარდებოდით, ფეხბურთელებმა მეორე ეტაპზე თამაში მეორეხარისხოვნად ჩათვალეს. თუმცა, ყოველივეს მიუხედავად, წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე მე ვარ.