ქუთაისის “ტორპედოს” ფან-კლუბმა (“ჯუნგლები”) ოფიციალური განცხადება გააკეთა საკუთარ Facebook-ის გვერდზე. ფან-კლუბის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს “ვისოლის” ბოლოდროინდელ მუშაობაზე. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბი „ჯუნგლები“ უკმაყოფილებას გამოვთქვამთ კლუბის მფლობელის, კომპანია „ვისოლის“ ბოლოდროინდელ მუშაობაზე.
„ვისოლმა“ ქუთაისში კარგად დაიწყო მუშაობა და კლუბს ძველი ტრადიცია დაუბრუნა, თუმცა ახლა უკვე სწორედ ამ ტრადიციისა და ღირსების შელახვას ცდილობს. გუნდიდან გაუშვეს საქართველოში ყველაზე წარჩინებული მწვრთნელი გია გეგუჩაძე; დაიწყეს გუნდის გაახალგაზრდავება, ევროტურნირების წინ დაასუსტეს შემადგენლობა, მიიყვანეს 17-19 წლის ფეხბურთელები; ასევე გუნდიდან უშვებენ თითქმის ყველა ქუთაისელ ფეხბურთელს; არის საუბარი, რომ გუნდი ბაზას თბილისში, კერძოდ საგურამოში, „ლოკომოტივის“ ბაზაზე დაიდებს;
ეს ყველაფერი „ტორპედოსა“ და ქალაქის შეურაცხყოფაა. ქუთაისი სულ იყო ნიჭიერი ფეხბურთელების მიმწოდებელი საქართველოს ნაკრებისთვის და ძნელი წარმოსადგენია, რომ „ტორპედოში“ ვერ გამოიძებნოს ადგილი ადგილობრივი ფეხბურთელებისთვის. საუბრობენ, რომ 3 წლის განმავლობაში მუშაობს აკადემია, თუმცა, ამ დროის მანძილზე გუნდში მხოლოდ 2 ადგილობრივი ფეხბურთელი გამოჩნდა.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ქუთაისის „ტორპედო“ გახდეს ქალაქისთვის შესაფერისი ამბიციური და მიზანმიმართული გუნდი. საამისოდ „ვისოლს“ ძალიან ცოტა დრო აქვს. თუ კლუბის მფლობელი კომპანია ვერ შეძლებს ამ პირობის შესრულებას, უმჯობესი იქნება გაყიდოს კლუბი მასზე, ვინც „ტორპედოს“ დაეხმარება მაღალი მიზნების შესრულებაში.