ჭიდაობა

12:35 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქიზიყში გამართულ ქართულ ჭიდაობას სამმაგი დატვირთვა ჰქონდა

2 აგვისტოს,  დედოფლისწყაროში  წმინდა ელია თეზბიტელის (ქრისტეშობამდე 9 საუკუნით ადრე უდიდესი წინასწარმეტყველი, ვისი ხალენი/მოსასხამი/სვეტიცხოველშია დაფლული და თან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მფარველი ანგელოზია) ხსენების დღეს  არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელთა შორის სანახაობითა და სიმძაფრით ქართული ჭიდაობა გამოირჩა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ბიძინა მაზიაშვილის სახელობის არენაზე გაიმართა. ტურნირს ბიძინა მაზიაშვილის ხსოვნის მემორიალის სტატუსი მიენიჭა და ის ტრადიციული გახდება. დამსწრე საზოგადოებამ მადლიერებით გაიხსენა ქართული ძიუდოს ფუძემდებელი, ზემო მაჩხაანელი  ბიძინა მაზიაშვილი და  მსოფლიო ძიუდოს „პაპად“ შერაცხული  უდიდესი პიროვნებისა და სპეციალისტის  ღვაწლს საგანგებოდ გაუსვა ხაზი. როგორც მოგეხსენებათ გაისად ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალურ ძეგლთა შორის დაიმკვიდრებს ადგილს და ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენის დასაჩქარებლად ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომელიც მიმდინარე სეზონის მიწურულამდე გაგრძელდება და საგანგებო დაფაზე თავისი ავტოგრაფის დატოვება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. პირველი ხელმომწერის პატივი წილად ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტ თამაზ თამაზაშვილს ერგო. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებგამოვლილი გენერალი შეჯიბრების მთავარი მსაჯიც გახლდათ და უამრავი დაძაბული ორთაბრძოლის მიუხედავად  ჩემპიონატის განვლილი ეტაპი როგორც  მონაწილეთა, ასევე ქომაგის მხრიდან განსაკუთრებული კორექტულობით გამოირჩა.

  პირველობის ორგანიზატორებმა საპრიზო ფონდი გააორმაგეს (გამარჯვებულებმა ფულადი ჯილდოს სახით 500–500 ლარი მიითვალეს, ვიცე–ჩემპიონთა სარგომ 300–300  ლარი შეადგინა, ბრინჯაოს მედალოსნებს კი 200–200 ლარი გადაეცათ) და თან სანახაობის სრულყოფის მიზნით შეჯიბრება აბსულუტურ წონაშიც ჩაატარეს, რომლის სატიტულო  შეხვედრაში გორელმა უშანგი კოკაურმა საქართველოს მოქმედ ფალავან პაატა ღვინიაშვილის ძლევა მოახერხა. თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ღვინიაშვილს თავი  90 კგ. წონის ფინალში მიღებულმა ტრამვამ შეახსენა.  ქარელელმა ფალავანმა აღნიშნული წონის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების იმედისმომცემი წევრი ახმეტელი ზვიად გოგოჭური დამატებით დროში დაამარცხა. დარჩენილ  4 წონაში წარმატებას ქარელელმა ლაშა გიუნაშვილმა/62 კგ/, კასპელმა ზვიად ოდოშაშვილმა/68 კგ/, ლაგოდეხელმა ალიკ ნანიევმა/73 კგ/ და გორელმა გიორგი პაპუნაშვილმა/ 83 კგ/ მიაღწიეს.  არაოფიციალურ ჩათვლაში რეგიონთა შორის კვლავ შიდა ქართლელი მოჭიდავეები დომინირებდნენ, რომლებმაც 6 წონიდან  5–ში იპირველეს, ქალაქებს შორის კი საუკეთესო შედეგი ქარელმა აჩვენა.

 აგვისტოში, ქართულ ჭიდაობაში ეროვნული ჩემპიონატის კიდევ რამდენიმე ეტაპი გაიმართება, რომელთა შორის გამორჩეული 10 აგვისტოს დაბა თიანეთში სახალხო დღესასწაულ „ თიანეთობა 2014“ –ზე  გასამართი შეჯიბრება იქნება.

 

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.121389