ლვოვის “კარპატიმ” უკრაინის ქვედალიგელ “ტერნოპოლს” 4:0 აჯობა. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სასტარტოში იყო ლევან ყენიაც, რომელსაც წინა შეხვედრაში (ნორვეგიის “ტრომსიოსთან”) ძალიან ეუხეშნენ და მე-11 წუთზე შესაცვლელი გახადეს. საბედნიეროდ, ყენიას ტრავმა უმნიშვნელო გამოდგა და უახლოეს საკონტროლო მატჩშიც ითამაშა. ქართველებს გოლი არ გაუტანიათ.
ლუცკის “ვოლინმა” ბელარუსის “ნემანს” 2:1 სძლია და ერთი გოლი საქართველოს მოქალაქე ნიგერიელმა აბაიომი ოვონიკოკომ გაიტანა - 57-ე წუთზე კარგად გაერკვა საჯარიმოში შექმნილ სიტუაციაში და ზუსტი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.
რუსეთის “კრილიამ” 1;0 მოუგო უკრაინულ “კრივბასს”. გამარჯვებულთაგან არ უთამაშია ალეკო ამისულაშვილს, რადგან წინა დღეს “შახტართან” 90 წუთი დაჰყო მინდორზე. რაც შეეხება უჩა ლობჟანიძეს, მან “კრივბასის” რიგებში პირველი ტაიმი ჩაატარა.
უნგრეთში გივი იოსელიანის “კეშკემეტიმ” 1:0 დაამარცხა “ბეკეშჩაბა” (უნგრეთის პირველი ლიგა). ქართველმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” ყაზახურ “ვოსტოკს” 3:1 სძლია, თუმცა გია გრიგალავას არ უთამაშია – ის მკურნალობს, ჯერ ვერ ვარჯიშობს.