კალათბურთი

1:24 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “სარაგოსას” მოულოდნელი მარცხი

ექს-არმიელმა გეინსმა თავი “ბეშიქთაშში” გამოიჩინა


გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპი მოულოდნელი მარცხით გახსნა. ქართველ კალათბურთელთა გუნდი ხორვატულ “ცედევიტასთან” მატჩში აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, 67:75 წააგო.

საქართველოს ნაკრების წევრები ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყვნენ. შერმადინმა 22:58 წუთს ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

რაც შეეხება სანიკიძეს, მან მოედანზე 26:47 წუთი გაატარა და მასპინძლებს 6 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა. ვიქტორმა 1 შეცდომა დაუშვა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მასზე კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“სარაგოსას” რიგებში ყველაზე შედეგიანი ამერიკელი ჯოზეფ ჯოუნსი იყო 20 ქულით, ხორვატმა დამიან რუდეზმა კი 17 ქულა მიითვალა. ისიც ვთქვათ, სტუმართა წარმატება ძირითადად შორეულმა ტყორცნებმა განაპირობა. მათ ჯამში 10 სამქულიანი ჩააგდეს.

“სარაგოსას” და “ცედევიტას” გარდა, P ჯგუფში ლიტვური “ლიეტუვოს რიტასი” და თურქული “ბეშიქთაში” თამაშობენ. პირველ ტურში ამ გუნდებმა ვილნიუსში უხვქულიანი მატჩი გამართეს და სტამბულელებმა 103:101 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლების სეზონში თბილისის “არმიაში” მოასპარეზე ამერიკელმა სუნდიატა გეინსმა “ბეშიქთაშს” 19 წუთში 18 ქულა (თამაშიდან 9-დან 8 ტყორცნა გამოიყენა) და 7 პასი შესძინა და სტუმართა რიგებში, თანამემამულე ბრედლი ბაკმენის მსგავსად, საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) ჰქონდა.

P ჯგუფში მე-2 ტურის მატჩები 15 იანვარს ჩატარდება. “სარაგოსა” სტამბულში “ბეშიქთაშს” ესტუმრება, ხოლო “ცედევიტა” ზაგრებში “ლიეტუვოს რიტასს” დაუხვდება. შეგახსენებთ, რომ ევროთასის მერვედფინალში 8 ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა.

0.117119