კალათბურთი

1:34 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა “სარაგოსამ” მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ზაგრებში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა.

ქართველთა კლუბი ხორვატიაში იმ “ცედევიტას” სტუმრობდა, რომელმაც პირველ წრეში არაგონელებს სტუმრად 75:67 სძლია. ამჯერად კი, უფრო ყოჩაღად ესპანური გუნდი გამოიყურებოდა და რევანშის აღება მოახერხა – 77:74.

“სარაგოსას” გამარჯვება ბოლო წამზე ხორვატი დამიან რუდეზის სამქულიანმა მოუტანა, ქართველთაგან კი უკეთ შერმადინმა ითამაშა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22:21 წუთი გაატარა და 10 ქულა, 6 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 1 დაფარება მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა (2-ჯერ დაუფარეს), ორჯერვე მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, თავად კი 5 პერსონალური ფოლი მიიღო და ბოლო წუთების განმავლობაში მოედანზე აღარ ყოფილა.

რაც შეეხება სანიკიძეს, მან მხოლოდ 13:15 წუთს ითამაშა და თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, აქტივში 2 მოხსნა ჰქონდა, ერთხელ შეცდა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მასზე კი ფოლი 2-ჯერ აიღეს.

“სარაგოსამ” 3 მარცხის წილ მე-2 გამარჯვება იზეიმა და P ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო გავა თუ არა ქართველთა კლუბი ევროთასის მერვედფინალში, ბოლო ტურში გაირკვევა.

საქმე ის გახლავთ, რომ არაგონელები პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ “ლიეტუვოს რიტასს” და “ბეშიქთაშს” (გასულ ტურში ლიტვურმა კლუბმა თურქეთში 84:63 იმარჯვა) თითო მოგებით ჩამორჩებიან.

უკანასკნელ ტურში, რომელიც 19 თებერვალს შედგება, ვილნიუსელები “ცედევიტას” უმასპინძლებენ და დიდი ალბათობით, გამარჯვებას იზეიმებენ. ამ შემთხვევაში, “სარაგოსას”, რომელიც “ბეშიქთაშს” მიიღებს, კონკრეტულ მიზანი ექნება – თუკი ქართველთა კლუბი სტამბულელებს შვიდ ქულაზე მეტით მოუგებს (არაგონელები თურქეთში 63:70 დამარცხდნენ), ჯგუფიდან გამსვლელი მე-2 საგზურიც მათ დარჩებათ.

სხვათა შორის, ცნობილია, რომ P ჯგუფის საუკეთესო გუნდები მერვედფინალში L ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნებს ეთამაშებიან. ესენი კი, უკვე გარკვეულია, რომ სერბული “ცრვენა ზვეზდა” და რუსული “ნიჟნი ნოვგოროდი” იქნებიან.

0.115644