გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსას” ევროთასის მომდევნო ეტაპზე თამაში პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინაც განაღდებული ჰქონდა, თუმცა, დასკვნით შეხვედრაში ფრანგულ “გრაველენს” არაფერი დაუთმო და სტუმრად განცდილი მარცხისთვის (67:85) ღირსეული რევანში აიღო – 86:73.
აღსანიშნავია, რომ ესპანურმა კლუბმა პირველი მეოთხედი 34:15 მოიგო და თითქოს სანერვიულო არაფერი უნდა ჰქონოდა, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ მე-3 მეოთხედის მიწურულს მასპინძლები უკვე მდევრის როლში იყვნენ.
არაგონელი ქომაგისდა სასიხარულოდ, მათი საყვარელი გუნდი გონს საჭირო დროს მოეგო, დასკვნითი ათწუთეულის სტარტზე სანიკიძემ ზედიზედ 5 ქულა მიითვალა, მას მხარი სხვებმაც კარგად აუბეს და “სარაგოსამ” მეოთხედი 18:6 მოიგო, რაც საბოლოო წარმატების საწინდარი გახდა.
ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო. ვიქტორმა მოედანზე 16:39 წუთი გაატარა და მასპინძლებს 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
შერმადინმა 12:00 წუთს ითამაშა და მისი მონაგარი 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
სარაგოსელებმა ევროთასის D ჯგუფში 6 მოგება და 4 მარცხი მოაგროვეს და იმავე “გრაველენთან” ერთად მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს, პირველი პოზიცია კი ბერლინის “ალბამ” დაიკავა 8 გამარჯვებით.
ევროთასის მე-2 ჯგუფური ეტაპი, რომელშიც 32 გუნდი (24 ევროთასელს 8 კლუბი დაემატება) ითამაშებს, სტარტს 7 იანვრიდან აიღებს, სარაგოსელთა მეტოქეების შეხახებ კი მოგვიანებით მოგახსენებთ.