ჩოგბურთი

13:49 | 30.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა საჩოგბურთო ამბები

ჰოლანდიის ქალაქ მიდელბურგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობს ქართველი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რაცინგერი.

მე-13 განთესვის მქონე ქართველმა კვალიფიკაციაში ჰოლანდიელი როოს ვან დერ ცვაანი 6:0, 6:3 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი მე-6 ნომრად განთესილ ესპანელ სარა სორიბეს ტორმოს ეთამაშება.

გერმანულ ვერსმოლდში 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეშია დაშვებული საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა. მისი პირველი მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელი ანტონია ლოტნერი იქნება.

პოლონეთში, ტორუნის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს ეკატერინე გორგოძე. მისი მოწინააღმდეგის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

სტამბულის 10-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – უკრაინელ ნადია კოლბს ეთამაშება თამარ ჭალაგანიძე. წყვილებში ქართველი გოგონა რუს ვიოლეტა დეგტიარევასთან გახლავთ შეამხანაგებული და თურქებს – აკიურტს და გუნაის გაეჯიბრება.

კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირს მასპინძლობს ყაზახეთის დედაქალაქი ასტანა. მარიამ ბოლქვაძე პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – რუს კსენია შარიფოვას დაუპირისპირდება.

წყვილებში ბოლქვაძე და ბელარუსი ალინა ზუბკოვა ძალებს მე-3 განთესვის მქონე რუსულ დუეტთან (გრიგორიანი-მანეკინა) მოსინჯავენ.

ასტანაშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებენ ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და გიორგი ცივაძე.

მე-3 რეიტინგის მქონე მეტრეველი უზბეკ კაისარ ბეკიმოვს გაეჯიბრება, ჯავახიშვილი – რუს დმიტრი სურჩენკოს და ცივაძეც – რუს ილია შაცკის.

წყვილთა შეჯიბრში ჯავახიშვილი და ცივაძე “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახებს – ჩემბოტაიევს და პეტროვს ეთამაშებიან, ხოლო მეტრეველი და ყაზახი ტიმურ ხაბობულინი მე-3 რეიტინგით მოასპარეზე რუსებს (ელისტრატოვი-პლიაკოვი) დაუპირისპირდებიან.

0.13796