ჭადრაკი

15:40 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა პირველი დანაკლისი

დუბაის რიგით მე-15 საერთაშორისო ტურნირზე უდანაკარგოდ მიმავალმა ქართველმა მოჭადრაკეებმა პირველი დანაკლისი განიცადეს. მე-4 ტურში ლევან ფანცულაია (2556) ფრანგ რომაინ ედუარდს (2670) დაუზავდა, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი (2640) ასევე თეთრი ფიგურებით რუს სერგეი ვოლკოვთან (2593) დამარცხდა.

შედეგად, ფანცულაიას 3.5 ქულა მოუგროვდა და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მე-8 ადგილამდე დაქვეითდა, ხოლო მჭედლიშვილი 3.0 ქულით მე-18-ეა. ასეთივე მონაგარით მე-17 საფეხურზე დამკვიდრდა ბელა ხოტენაშვილი (2492), რომელიც თეთრებით გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე ეგვიპტელ ბასემ ამინის (2641) დაუზავდა.

3.0 ქულა გააჩნია და 42-ე ადგილზეა სოფიკო ხუხაშვილი (2386), კონსტანტინე შანავამ (2578) 2.5 ქულით 74-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო ქართველთაგან უარესი შედეგი მაკა ფურცელაძეს (2347) გააჩნია. გაურკვეველ მიზეზთა გამო, გასულ ტურში მაკას ჩეხ მეტოქესთან წაგება ჩაეთვალა, რის შემდეგაც იგი 2.0 ქულით 108-ე ადგილზე აღმოჩნდა.

მე-5 ტურში ქართველთაგან ყველაზე მძიმე შეხვედრა ფანცულაიას ელის, რომელიც შავი ფიგურებით ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ ვლადიმირ აკოპიანს (2704) ეთამაშება. ისიც ვთქვათ, რომ ამჟამად არაბეთის გაერთიანებული ემირატებში მიმდინარე შეჯიბრს ქულათა მაქსიმუმით 4 მოჭადრაკე ლიდერობს: გაბრიელ სარგსიანი (სომხეთი, 2666), სერგეი ვოლკოვი (რუსეთი, 2593), ალეკსანდრ რახმანოვი (რუსეთი, 2591), იან ელვესტი (აშშ, 2611).

შეგახსენებთ, რომ დუბაის ტურნირი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 15 აპრილამდე გასტანს. მონაწილეებს 5 ტურის შემდეგ, 12 აპრილს დასვენების დღე აქვთ და ერთმანეთს ბლიც-ტურნირშიც გაეჯიბრებიან.

არაბული პირველობის საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარია, სიდანაც გამარჯვებული ჯილდოდ 10 ათას დოლარს მიიღებს, შემდეგ კი საპრიზო თანხები ასე ნაწილდება: II  ადგილი – 7 000; III  ადგილი – 4 000; IV – 3 500; V – 2 500;...

0.116362