ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში “რიო ნატურალ მონბუსს” უმასპინძლა და ძალიან იოლად – 85:58 იმარჯვა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, ვინაიდან მატჩის ბედი საფინალო სირენამდე კარგა ხმით ადრე გადაწყდა, მთავარ მწვრთნელს იგი დიდად არ დაუტვირთავს.
სანიკიძემ მოედანზე 13:20 წუთი გაატარა და 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
აღსანიშნავია, რომ სარაგოსელებმა 21-დან 12 სამქულიანი ჩააგდეს, ამ მხრივ კი, განსაკუთრებით თავი დამიან რუდეზმა გამოიჩინა, რომელმაც 5-დან 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა და 14 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
არაგონულმა კლუბმა 14 მოგება და 9 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილი შეინარჩუნა. სანიკიძის კლუბს 12 გამარჯვებით კვალში ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” უდგას, რომელმაც ამჯერად აუტსაუდერი “ვალიადოლიდი” მიიღო და 84:68 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი თამაშში 04:24 წუთით ჩაერთო და ყველა გრაფაში ნულიანი ჰქონდა.