თურქეთში შეკრებაზე მყოფმა რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე სარანსკის “მორდოვიამ”, სადაც აკაკი ხუბუტია თამაშობს, მორიგ ამხანაგურ მატჩში ყაზახეთის “ტობოლი” 2:1 დაამარცხა.
ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მოედნიდან გასვლამდე მას გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მეტოქის კარისკენ თავით ოდნავ არაზუსტად გადაგზავნა. 19 იანვარს, შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ თამაშს “მორდოვია” გერმანული “ვოლფსბურგის” ახალგაზრდულ გუნდთან ჩაატარებს.
რუსეთის პირველი დივიზიონის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელიც ისრაელში ემზადება, საკონტროლო შეხვედრაში რიშო-ლეციონის “ირონთან” 1:2 წააგო. გიორგი ნავალოვსკი ხაბაროვსკელთა რიგებში 61-ე წუთზე გამოჩნდა. სანდრო ცვეიბამ ერთი ტაიმი ჩაატარა, ხოლო ალექსანდრე ვერულიძეს არ უთამაშია. გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი ჯერ გუნდს არ შეერთებიან.