თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელეკში სტარტი აიღო მშვილდოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც საქართველოს სახელით მხოლოდ ქალთა ტრიო ჩაება ქრისტინე ესებუას, ხათუნა ნარიმანიძის და უკრაინიდან გადმობირებული იულია ლობჟანიძის შემადგენლობით.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნარიმანიძეს ჰქონდა, რომელიც 26-ე ადგილზე გავიდა, ლობჟანიძე 39-ე გახლდათ, ხოლო ესებუა – 68-ე. პირველ რაუნდში ამ უკანასკნელმა ფრანგი ბრიანი 7:1 დაამარცხა, შემდეგ კი ბრაზილიის სახელით მოასპარეზე ნიკიტინთან 4:6 დამარცხდა.
მე-2 წრეში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნარიმანიძე და ლობჟანიძე და ქართულ დუელში ამ უკანასკნელმა 6:5 იმარჯვა. მანამდე ხათუნამ კანადელ ჩენიეს 6:4 სძლია, იულიამ კი რუმინელ ბანჩილას აჯობა – 7:1. 1/16-ფინალში ლობჟანიძე რუს სტეპანოვას დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა.
გუნდურ პირველობაზე საქართველოს ნაკრებს კვალიფიკაციის შემდეგ 3921 ქულა მოუგროვდა და მერვედფინალში მე-13 განთესვით ჩაება. პირველ რაუნდში ქართველი მშვილდოსნები მე-4 შედეგის (4018 ქულა) მქონე მექსიკას დაუპირისპირდნენ და 154:168 დამარცხდნენ.