ჭიდაობა

21:31 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა მოჭიდავეებმა ორივე ფინალი წააგეს

 

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა მოსკოვში, “ევროპის ერთა თასის” ორდღიანი გათამაშების პირველი დღე დაუმარცხებლად ჩაამთავრეს. მეორე დღეს კი ვერც ერთმა გუნდმა მოგება ვერ მოახერხა. ტრადიციული გუნდური საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებამდე ორივე ნაკრებს თითო ქულა დააკლდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ფინალში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და პირველი ოთხი წონითი კატეგორიის ჩაჭიდავების შემდეგ ორქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 3:1. ნიკა ცეცხლაძე (55 კგ) სერიფ კილიჩთან უშანსოდ დამარცხდა (0:8). თორნიკე თურქიშვილმა (60 კგ), საჩინო დავითაიამ (66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილმა (74 კგ) კი თავიანთი შეხვედრები მოიგეს. თურქიშვილმა მუსტაფა საგლამის სუფთად სძლია. დავითაიამ იუკსელ ატაკანს აჯობა (7:0), ხოლო დათუნაშვილმა მსოფლიოს პრიზიორ სერიფ ტუეფენკს ნახევარ წუთში აუღო 8 უპასუხო ქულა.

ჩემპიონის ტიტულის დასაუფლებლად დარჩენილი სამი შეხვედრიდან ერთის მოგებაც საკმარისი იყო, მაგრამ... რევაზ ნადარეიშვილმა (84 კგ) აჰმეთ ილდირიმთან 2:0 ვერ შეინარჩუნა და თურქმა 2:2-ზე ბოლო ილეთის უპირატესობით იმარჯვა. ანალოგიურად, 2:2-ზე დამარცხდა ვასილ იმერლიშვილიც (96 კგ) ჩენკ ილდემთან, ხოლო მძიმეწონოსანმა ლევან არაბულმა 35 წლის გიუზელ ატილას მცირე წინააღმდეგობაც ვერ გაუწია (0:2 0:3) და ოთარ ტატიშვილის გაწვრთნილი გუნდი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მოსკოვში საბრძოლო შემადგენლობით იყო ჩასული და მას “ევროპის ერთა თასის” ფავორიტად რუსული გამოცემებიც კი ასახელებდნენ. არგუმენტად სხვა ნაკრებების ექსპერიმენტული შემადგენლობებით ჭიდაობა სახელდებოდა. სწორედ გადახალისებული გუნდით მოჭიდავე მასპინძელთა ნაკრებს დაეჭიდა რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდი ფინალში. ამასთან, რუსეთის ნაკრებს მძიმე წონაში მონაწილე არ ჰყავდა და ფინალი ქართველებმა 1:0-ით დაიწყეს. ერთი ცვლილება ჩვენებურთა განაცხადშიც იყო – ფინალის შვიდეულს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) გამოაკლდა.

ორი უმსუბუქესი წონითი კატეგორიის შეხვედრების შემდეგ საქართველო უკვე დიდ უპირატესობას ფლობდა – გიორგი ედიშერაშვილმა (55 კგ) ბაზარ ჟალსაპოვის ძლევის (4:0 3:4) შემდეგ საერთო ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო მას შემდეგ, რაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ) თემურ პესტარევს ორ წუთში მოუმთავრა საქმე (7:0), მინდორაშვილის გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა – 3:0.

რუსებს თითქმის წაგებული ფინალის სათავისოდ შესატრიალებლად ოთხივე დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდებოდათ. ქართველთათვის სამწუხაროდ ასეც მოხდა – ლევან ქელეხსაშვილი (66 კგ) სოსლან რამონოვთან 0:7 დამარცხდა, გიორგი მარსაგიშვილი (74 კგ) – აცამაზ სანაკოევთან (2:10), სანდრო ამინაშვილი (84 კგ) კი სოსლან ხცოევთან (0:8). გადამწყვეტ შეხვედრაში ელიზბარ ოდიკაძემ (96 კგ) მხოლოდ ის შეძლო, რომ ბათრაზ გაზაევთან საბრძოლო ანგარიშით – 6:7 წააგო.

0.122542