ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში მიმდინარე რიგით 41-ე ოლიმპიადის მე-2 დღეს საქართველოს როგორც – ვაჟთა, ასევე ქალთა ნაკრებებმა მოგებები მიითვალეს და ისევ ლიდერთა შორის ტრიალებენ.
ვაჟებმა ისევ “მშრალზე” იმარჯვეს. მათ მხედველობა დაქვეითებულთა გუნდი (IBCA) 4:0 დაამარცხეს. საკუთარი პარტიები მოიგეს ბაადურ ჯობავამ (2713), ლევან ფანცულაიამ (2581), გაიოზ ნიგალიძემ (2542) და კონსტანტინე შანავამ (2563).
საქართველოს ნაკრებს 4 ქულა გააჩნია და დამატებითი მაჩვენებლებით მეექვსეა, წინ კი საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია, კუბა და იტალია არიან.
მე-3 ტურში ქართველ მოჭადრაკეებს პირველი სერიოზული გამოცდა ელით, როდესაც თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საინტერესო იქნება სომხეთი-საფრანგეთის, აშშ-ჰოლანდიის, გერმანია-ინგლისის, პოლონეთი-კუბის, იტალია-ინდოეთის და უნგრეთი-ჩინეთის შეხვედრებიც.
გამარჯვება იზეიმა საქართველოს ქალთა ნაკრებმაც, თუმცა, ეს, ვაჟებივით დამაჯერებლად ვერ მოახერხა. საქმე ის გახლავთ, რომ რეიტინგით გაცილებით დაბლა მდგარ მარიჯა სტოიანოვიჩთან (2100) დამარცხდა სალომე მელია (2475), ნანა ძაგნიძემ (2550), ბელა ხოტენაშვილმა (2494) და ნინო ბაციაშვილმა (2435) კი საკუთარი პარტიები მოიგეს და საქართველომ ჩერნოგორია 3:1 დაამარცხა.
ჩვენს ნაკრებს 4 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლებით 25-ე პოზიციაზეა, სულ კი, ქულათა მაქსიმუმი ერთბაშად 32 გუნდს გააჩნია.
მე-3 ტურში ქართველი მოჭადრაკეები იტალიას გაეჯიბრებიან. ინტერესს იწვევს აშშ-ჩინეთის, რუსეთი-საფრანგეთის, სომხეთი-ვიეტნამის, ყაზახეთი-ინდოეთის და ესპანეთი-უკრაინის პაექრობებიც.
შეგახსენებთ, ტრომსოს ოლიმპიადა 11 ტურად მიმდინარეობს და 14 აგვისტოს დასრულდება.