საქართველოს ბერძნულ-რომაული სტი¬ლით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 8 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ბეგი დარჩიამ ერევანში საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდი ჩაიყვანა. გამონაკლისი მხოლოდ 84 კილოგრამი წონითი კატეგორია იყო, სადაც ტრავმირებული ბადრი ხასაია ბრინჯაოს პრიზიორმა არსენ კახაბრიშვილმა ჩაანაცვლა. 66 კილოგრამში კი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2 მოჭიდავის დაყენება გადაწყვიტა და შემადგენლობაში საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი, მანუჩარ ცხადაიაც შეიყვანა. ტრავმებისა და სასურველ სპო¬რტულ ფორმაში არყოფნის გამო ქართულ განაცხადს დავით ბედინაძე (60 კგ), მანუჩარ კვირკველია (74 კგ), ბადრი ხასაია (84 კგ) და რამაზ ნოზაძე (96 კგ) დააკლდნენ.
ორგანიზატორებმა მონაწილე ნაკრებები ორ ქვეჯგუფში გადაანაწილეს და ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს _ 13 თებერვალს _ ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შეხვედრები ჩატარდა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, რუსეთთან, თურქეთთან და უნგრეთთან ერთად. A ჯგუფი კი სომხეთმა, ირანმა, კუბამ და სკანდინავიის ქვეყნების გაერთიანებულმა ნაკრებმა შეავსეს.
ქართველებმა ტურნირი შესუსტებული შემადგენლობით მოჭიდავე რუსეთთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგებით გახსნეს. მსოფლიოს თასის ფავორიტად მიჩნეულ გუნდთან ქულის აღება მხოლოდ 60 კილოგრამში მოჭიდავე რევაზ ლაშხმა მოახერხა, მაქსიმ მორდოვინის ძლევით. ლაშა გოგიტაძე (55 კგ) ოლიმპიურ ჩემპიონ ნაზირ მანკიევთან დამარცხდა, მანუჩარ ცხადაია (66 კგ) – სეირან სიმონიანთან, გენადი გოგიშვილი (74 კგ) – რუსლან ბელჩოროევთან, არსენ კახაბრიშვილი (84 კგ) – ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსეი მიშინთან, სოსო ჯაბიძე (96 კგ) – რუსტამ ტოტროვთან, ხოლო მძიმეწონოსანი დიმიტრი ჯავახიშვილი – ალექსანდრ ანუჩინთან.
ამავე, B ჯგუფის პირველ წრეში კიდევ ერთი 6:1 დაფიქსირდა. თურქებმა უნგრელები დაჩაგრეს. ამ უკანასკნელთ მეორე საჭიდაო გაკვეთილი ქართველებმა ჩაუტარეს. ბეგი დარჩიამ შემადგენლობაში ერთადერთი შესაძლო ცვლილება განახორციელა – ცხადაია ანტონ მამაგეიშვილით ჩაანაცვლა და ამ უკანასკნელმა ნაკრების გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. მამაგეიშვილის გარდა, თავიანთი ბრძოლები გოგიტაძემ, ლაშხმა, გოგიშვილმა და კახაბრიშვილმაც მოიგეს. ჯაბიძემ და ჯავახიშვილმა კი თანაგუნდელებს მხარი ვერ აუბეს და მოწინააღმდეგეებს სხვაობის 2:5-მდე შემცირების საშუალება მისცეს.
რუსები მეორე ტურში თურქებს დაუპირისპირდნენ. რომ ემარჯვათ, ჯგუფურ პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილებოდათ, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად, 2:5 დამარცხდნენ და ბოლო ტურის წინ, ფინალში გასვლის პატარა შანსი დარჩიას შეგირდებსაც დაუტოვეს. საქართველოს ნაკრებს გასალიდერებლად თურქეთის მშრალად დამარცხება სჭირდებოდა. ამასთან, უნგრეთს რუსეთთან სულ ცოტა, 3 ქულა უნდა აეღო. ასე არ მოხდა. ქართველებმა 2:5 წააგეს და ფინალის საგზური თურქებს დარჩათ. რუსებმაც ასეთივე ანგარიშით იმარჯვეს და ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდნენ. მე-3 ტურში ქართველთაგან ქულები გოგიტაძემ და მამაგეიშვილმა აიღეს.
A ჯგუფიდან ფინალში ირანი გავიდა, მეორე-მეოთხე ადგილები კი სომხეთმა, კუბამ და სკანდინავიამ გადაინაწილეს.
საქართველო საბოლოო მე-5 ადგილის დასაკავებლად, თავისსავით მესამეადგილოსან კუბას დაუპირისპირდა. პირველი ოთხი წონითი კატეგორიის შეხვედრების ჩამთავრების შემდეგ, ანგარიში 2:2 იყო. თავისი ბრძოლები მოიგეს რევაზ ლაშხმა (60 კგ) და ანტონ მამაგეიშვილმა (74 კგ), ხოლო ლაშა გოგიტაძე (55 კგ) და გენადი გოგიშვილი (74 კგ) დამარცხდნენ. არსენ კახაბრიშვილმა (84 კგ) საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 3:2, ხოლო სოსო ჯაბიძემ (96 კგ) მე-5 ადგილის მომპოვებელი ქულა აიღო და მძიმეწონოსანთა შეხვედრას აზრი დაუკარგა. უმოტივაციო ბრძოლაში დიმიტრი ჯავახიშვილმა საბოლოო ანგარიში – 5:2 დააფიქსირა.
ბოლოსწინა ადგილი უნგრეთმა სკანდინავიის გაერთიანებული ნაკრების 5:2 ძლევით დაიკავა. მე-3 საპრიზოზე ტურნირის მასპინძლები გავიდნენ. მათ დაძაბულ ბრძოლაში რუსებს 4:3 აჯობეს. ანალოგიური ანგარიშით, ფინალში ირანელებმა თურქები დაამარცხეს და მსოფლიოს თასს დაეუფლნენ.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მსოფლიოს თასი. ერევანი
13-14 თებერვალი
A ჯგუფი
I ტური
ირანი – კუბა 5:2
სომხეთი – სკანდინავია 7:0
II ტური
ირანი – სკანდინავია 6:1
სომხეთი – კუბა 7:0
III ტური
კუბა – სკანდინავია 4:3
ირანი – სომხეთი 4:3
B ჯგუფი
I ტური
რუსეთი - საქართველო 6:1
თურქეთი – უნგრეთი 6:1
II ტური
საქართველო – უნგრეთი 5:2
თურქეთი – რუსეთი 5:2
III ტური
თურქეთი – საქართველო 5:2
რუსეთი – უნგრეთი 5:2
მე-7 ადგილისთვის
უნგრეთი – სკანდინავია 5:2
მე-5 ადგილისთვის
საქართველო – კუბა 5:2
მე-3 ადგილისთვის
სომხეთი – რუსეთი 4:3
ფინალი
ირანი – თურქეთი 4:3
ოთარ მაღლაკელიძე