კალათბურთი

23:02 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა კალათბურთელებმა ესპანეთთან გამოცდილება მიიღეს

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი რაუნდის დასკვნითი მატჩი ესპანეთთან ჩაატარა და საერთო ჯამში, ამ შეხვედრის გამარჯვებულის ბედი ეჭვქვეშ არ დამდგარა. პირენეელებმა იოლად – 83:59 იმარჯვეს და თამაშისშემდგომი კომენტარებიც მსგავსი გახლდათ – პირენეელებმა უკეთ ითამაშეს და შედეგიც შესაბამისი იყო. 

იგორ კოკოშკოვი: “ევრობასკეტის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს ვეთამაშეთYდა ჩვენი მარცხი მოულოდნელი არ ყოფილა. პირველ მეოთხედში ნორმალურად ვითამაშეთ, შემდეგ კი აშკარად გამოჩნდა, რომ ესპანეთი უკეთესი ნაკრებია. შედეგიც შესაბამისი იყო”.

ბექა ბურჯანაძე: “მძიმე თამაში იყო და თუკი, პირველ ტაიმში ასე თუ ისე თანაბარი მატჩი იყო, შემდეგ ესპანეთმა გვაჯობა. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს 2 წამყვანი კალათბურთელი აკლდა, ამდენად, მთელი ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარება ძნელი იყო. იმედია, როდესაც ისინი დაგვიბრუნდებიან, ჩვენი გუნდი კიდევ უფრო უკეთეს შედეგს აჩვენებს. ამასთან, ესოდენ მაღალი დონის ტურნირზე თავადაც საჭირო გამოცდილება მივიღე”.

ნიკა მეტრეველი: “ალბათ ხვდებით, ესპანეთის ნაკრების დონის მეტოქესთან თამაში რაოდენ ძნელია. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, თუმცა, მარცხს თავი მაინც ვერ ავარიდეთ”.

დუდა სანაძე: “ესპანეთის ნაკრების ძალა ყველასთვის ცნობილია. ერთი სული მქონდა, მოედანზე როდის გავიდოდი და ესოდენ სახელოვანი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშებდი. დიდი მადლობა მწვრთნელს, რომელიც ასეთი დონის თამაშში მენდო და საკმაო დრო დამითმო. აღნიშნულით დიდი გამოცდილება მივიღე. უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, თავადაც ნახეთ, რომ დასაწყისში კარგად გამოვიყურებოდით, შემდეგ კი უპირატესობა მოწინააღმდეგის იყო”.

ხუან ორენგა: “დასაწყისში ქართველთა ზონურ დაცვას ალღო ვერ ავუღეთ და პრობლემები შეგვექმნა. შემდეგ სისწრაფეებს მოვუმატეთ, თამაშში სათადარიგოებიც კარგად ჩაერთვნენ და ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდა. მნიშვნელოვანია, რომ სამქულიანებიც კარგად ვესროლეთ. პირველ ეტაპზე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ახლა, სრულად მეორე რაუნდზე უნდა გადავერთოთ”. 

სერხიო როდრიგესი: “საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის საწყისი მატჩები კარგად ჩაატარა, ხოლო შემდეგ თავი გადაღლილობამ იჩინა. ჩვენ კი მხოლოდ პირველი ეტაპი დავძლიეთ და მთავარი ბრძოლები წინაა. რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი გვაკლია, თუმცა, მათი შემცვლელებიც უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. ამდენად, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად ვრჩებით და ვეცდებით, ოქროს მედლები ამ ჯერზეც მოვიპოვოთ”.

ხერმან გაბრიელი: “ქართველმა კალათბურთელებმა დასაწყისში სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ცოტა გაგვიჭირდა, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილას დადგა. თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, შედეგი სრულიად კანონზომიერი იყო”.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

 

 ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.157934