ლატვიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. არჩილ ჟღენტის გუნდმა ლატვიის მეორე ლიგის ბინადარი – ტურიბას უნივერსიტეტი 63:55 დაამარცხა.
ქართველებისთვის ეს იყო მეორე ამხანაგური მატჩი ლატვიაში. პირველად ჟღენტის გუნდი ადგილობრივ 18-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და დიდი სხვაობით წააგო, გუშინ კი ქართველებმა რიგის უნივერსიტეტის გუნდის ძლევით ხასიათი გამოიკეთეს.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში 17 ივლისამდე დარჩება, 1 ამხანაგურ მატჩს კიდევ გამართავს და შემდეგ ფინეთში გადაინაცვლებს. სკანდინავიაში 2 სპარინგ მატჩის ჩატარების კვალად, ქართველები გეზს ბულგარეთისკენ აიღებენ, სადაც 21 ივლისს ადგილობრივ ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან, ხოლო 24-იდან ევროპის ჩემპიონატში ჩაებმებიან.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატის “ბ“ დივიზიონში იასპარეზებს. არჩილ ჟღენტის გუნდი D ჯგუფშია ავსტრიასთან, ესტონეთთან, ისლანდიასთან, გერმანიასა და ისრაელთან.
www.gbf.ge