სხვა

17:05 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი წყალბურთელები ისტორიული გამარჯვებისთვის ემზადებიან

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი თამაშებისთვის სამზადისი თითქმის დაასრულა. შაბათს, ვლადიმერ ისელიძისა და იოვან პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ მატჩში თურქეთს თბილისში, საცურაო აუზ ოლიმპიკში დაუპირისპირდება. 1 მარტს კი სტამბოლში საპასუხო შეხვედრა გაიმართება.

მოახლოებული თამაშის წინ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა. ნაკრების სამზადისის შესახებ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ, ნაკრების კაპიტანმა ზურაბ რურუამ გააკეთეს კომენტარები. პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძეც დაესწრნენ.

“ნაკრებმა პლეი ოფებისთვის მოსამზადებელი ერთი ეტაპი ჩერნოგორიაში გაიარა. შემდეგ თბილისში ვარჯიშობდა, სადაც ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ყაზახეთის უძლიერეს ნაკრებთან და მიუხედავად იმისა, რომ იმ შეხვედრებში გუნდმა ნატურალიზებული წყალბურთელების გარეშე ითამაშა, მაინც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. გუნდი პლეი ოფს კარგ ფორმაში ხვდება და იმედია საწადელს მივაღწევთ” – განაცხადა დავით რურუამ.

ზურაბ რურუამ კი აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს ქართული წყალბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები ელის და მთელი გუნდი პლეი ოფს მაქსიმალურად კონცენტრირებული ხვდება.

“ბრწყინვალე შეკრება გავიარეთ, ძალიან საჭირო საკონტროლო შეხვედრებიც ჩავატარეთ და შემიძლია გითხრათ, გუნდი ფიზიკურ-ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად მზადაა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის საბრძოლველად” – დასძინა ზურაბ რურუამ.

მოკლე კომენტარი ნაკრების ყველაზე გამოცდილმა წევრმა ირაკლი ჩომახიძემაც გააკეთა. მან თქვა, რომ თავიდან ეროვნულ გუნდში თამაშის შანსს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსამზადებელი ციკლი გაიარა, დარწმუნდა, რომ ნაკრებისთვის დახმარების გაწევა კვლავ შეუძლია.

აქვე თამაზ თევზაძის კომენტარიც:

“ქართული წყალბურთი საეტაპო მატჩებისთვის ემზადება, რადგან წარმატება წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება. თავისთავად გაჩნდება მოტივაცია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ინფრასტრუქტურის საკითხი, რაც მართლაც უდიდესი პრობლემაა. ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს პლეი ოფის დაძლევას და ქართული წყალბურთის ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყებას”.

საქართველოსა და თურქეთის მატჩი 15 თებერვალს 18:30 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

 

საქართველოს ნაკრები

ზურაბ ჭუმბურიძე (მეკარე); ბექა კაპანაძე (მეკარე), გალაქტიონ ლაითაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, ზურაბ რურუა (კაპ), მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, გიორგი ახვედელიანი, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი, დამირ ცრეპულია, მარინო ფრანიჩევიჩი, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, რევაზ იმნაიშვილი, რევაზ ჩომახიძე

0.170958