5-6 ნოემბერს, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები სეზონის უმთავრეს შეჯიბრზე ტრადიციულად, სრული შემადგენლობით გამოვა. 9 სპორტსმენიდან 5 უკვე უზბეკეთშია, 4 კი ხვალ გაემგზავრება.
“ტაშკენტის მიმართულებით თბილისიდან რეისი არ სრულდება და ბაქოდან გვიწევს წასვლა. აზერბაიჯანიდანაც, მხოლოდ ყოველ მეოთხე დღესაა ფრენა და იძულებული გავხდით, ორ ნაწილად გავმგზავრებულიყავით. იმ 5 წონითი კატეგორიის მოჭიდავეები, რომლებიც 4 ნოემბერს უნდა აიწონონ, უზბეკეთში ემილ რაშმა 1 ნოემბერს იახლა. დანარჩენებს კი მე ჩავიყვან” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ.
ქართველმა სამბისტებმა წინასაჩემპიონატო მოსამზადებელი შეკრებები დუშეთსა და გორში გაიარეს. ტაშკენტში წამსვლელი შემადგენლობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაზუსტდა, თუმც, ორ წონით კატეგორიაში სათადარიგო ვარიანტებიც რეალურად განიხილებოდა. ლევან წიკლაური (82 კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) ტრავმების გამო შეიძლებოდა ნიკოლოზ კუციასა და ვახტანგ ზოიძეს ჩაენაცვლებინათ.
“წიკლაური და დავითაშვილი თავს მშვენივრად გრძნობენ. მათ მოსამზადებელი შეკრებებიც გაიარეს და იმედია თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენენ. საბედნიეროდ არც სხვა მოჭიდავეებს აწუხებთ ტრავმები. რაც შეეხება მოლოდინს, ნაკრებს უზბეკეთში 4-5 მედლის მოპოვება შეუძლია. ამ მედლებში მინიმუმ ერთი ოქროსი უნდა იყოს. ვეცდებით გულშემატკივრები კიდევ უკეთესი შედეგით გავახაროთ” – განაცხადა ნაკრების თავკაცმა.
5 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები 52, 62, 74, 90 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით უშანგი კუზანაშვილი (52 კგ), დავით სვიმონიშვილი (62 კგ), კახა მამულაშვილი (74 კგ), მინდია ბოდაველი (90 კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ. 6 ნოემბერს კი საქმეში დარჩენილ 4 წონაში მოჭიდავეები - ავთანდილ ცინცაძე (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ლევან წიკლაური (82 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ) ჩაერთვებიან.
ამ შემადგენლობიდან სამმა: უშანგი კუზანაშვილმა, მინდია ბოდაველმა და მირიან პავლიაშვილმა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები მოიპოვეს. ბოდაველმა ვერცხლი, ხოლო კუზანაშვილმა და პავლიაშვილმა – ბრინჯაო. იმავე ჩემპიონატზე, კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ნიკოლოზ კუცია ავიდა.
ოთარ მაღლაკელიძე