ივლისში საერთაშორისო კატეგორიის ქართველი მსაჯები უეფა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისა და 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გაუძღვნენ.
გიორგი ვადაჭკორია, ლევან ვარამიშვილი, ირაკლი უკლება და ლაშა სილაგავა, 4 ივლისს, მოემსახურნენ ევროპის ლიგის მატჩს ყაზახეთის “ასტანასა” და ბულგარეთის “ბოტევს” შორის.
თორნიკე გვანცელაძემ, გიორგი ყრუაშვილმა, დავით ჩიგოგიძემ და დავით ხარიტონაშვილმა, 11 ივლისს, სერბეთში, ევროპის ლიგის მატჩი იმსაჯეს ადგილობრივ “ვოევოდინასა” და მალტის “ჰიბერნიანსს” შორის.
23 ივლისს, ხორვატიაში, ზაგრების “დინამოსა” და ლუქსემბურგის “ფოლას” შორის მატჩი ლაშა სილაგავამ, ზაზა მენთეშაშვილმა, გიორგი ყრუაშვილმა და გიორგი ვადაჭკორიამ ჩაატარეს.
აგრეთვე, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში იმსაჯეს (ფინეთსა და ლუქსემბურგს შორის) გიორგი ვადაჭკორიამ, ზაზა ფიფიამ და ლევან თოდრიამ.
17-21 ივლისს, სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ორგანიზებით, ქალაქ ქობულეთში უმაღლესი ლიგის მსაჯებისა და ასისტენტების წინასასეზონო საწვრთნელი შეკრება გაიმართა. შეკრების დროს ჩატარდა FIFA-ს კურსიც, რომელსაც FIFA-ს სამსაჯო ინსტრუქტორი ვალენტინ ივანოვი გაუძღვა.
შეკრებაში მონაწილეობა მიიღო 44-მა მსაჯმა და ასისტენტმა.
მანამდე, 16 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” ჩატარდა მსაჯთა ტესტირება ფიზიკურ მომზადებაში. მორიგი ტესტი კი, 1 აგვისტოს, კვლავ “დინამო არენაზე” გაიმართება. შეკრება და კურსი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებსა და ვარჯიშებს. განიხილეს ცვლილებები თამაშის წესებში, კერძოდ, თამაშგარესთან დაკავშირებული ახალი ტექსტი და მისი ამსახველი ვიდეომასალა.