აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში სტარტი აიღო ჰეიდარ ალიევის სახელობის ტრადიციულმა ღია ტურნირმა, რომელსაც 8 ქვეყნის წარმომადგენელი 53 მოჭადრაკე ჰყავს, მათ შორის კი ქართველებიც არიან.
ტურნირში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი მამაკაცთა შორის გაიოზ ნიგალიძე (2536), სხვადასხვა დროს ასევე საქართველოს ვაჟთა შორის ჩემპიონატის გამარჯვებულები: ლევან ფანცულაია (2573) და მერაბ გაგუნაშვილი (2560) და საერთაშორისო დიდოსტატები კოკა შანავა (2551) და ლუკა პაიჭაძე (2535) ჩაებნენ.
პირველ ტურში ფანცულაიამ შავი ფიგურებით შაჰინ ლორპარიზანგენეჰი (ირანი, 2284) დაამარცხა, ხოლო გაგუნაშვილმა, შანავამ და პაიჭაძემ კი თეთრებით, შესაბამისად, აბდულა ხაიალას (აზერბაიჯანი, 2262), ანარ ალაკბაროვს (აზერბაიჯანი, 2239) და ტურკან მამედიაროვას (აზერბაიჯანი, 2230) მოუგეს. ნიგალიძე შავებით მოულოდნელად არიან გოლამისთან (2237) დამარცხდა, მორჩიაშვილს კი ალეკსანდრ შიმანოვთან (რუსეთი, 2636) წაგება ჩაეთვალა.