ჭადრაკი

0:25 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეები დაუმარცხებლად თამაშობენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის გუნდურ საჭადრაკო ჩემპიონატზე 3 ტური მიილია, საქართველოს როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ნაკრებები კი მარცხის გარეშე ასპარეზობენ.

ორივე გუნდის აქტივში 2 მოგება და 1 ფრეა. ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, მერი არაბიძე, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი) ავსტრიასთან (3.5:0.5) და ბულგარეთთან (3:1) მოგებებს ისრაელთან მოულოდნელი ყაიმი მიაყოლა და 5 ქულით, დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მე-5 ადგილზე იმყოფება.

ქალთა ტურნირს ქულათა მაქსიმუმით სომხეთი, პოლონეთი და უკრაინა ლიდერობენ.

მეტოქეთა გათვალისწინებით, უკეთესად უნდა მივიჩნიოთ ვაჟთა ნაკრების (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, გაიოზ ნიგალიძე) ასპარეზობა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ბელგიელები 2.5:1.5 დაამარცხა, შემდეგ კი რეიტინგით მაღლა მდგარ გუნდებსაც ღირსეულად ეთამაშა: უნგრეთთან ყაიმი გააფორმა, ხოლო გერმანიას სულაც სძლია – 2.5:1.5.

ქართველმა ვაჟებმა ასევე 5 ქულა მოაგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხენი არიან. 6-6 ქულით ევროპის პირველობას ჩეხეთი და საფრანგეთი ლიდერობენ, პირველი რეიტინგის მქონე რუსეთი კი, ჯერჯერობით, 3 ქულით მხოლოდ 22-ეა.

მე-4 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრები სერბეთს ეთამაშება, ვაჟები კი საბერძნეთს დაუპირისპირდებიან.

0.114886