საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებლად დაიწყო. მიმდინარე სეზონის უმთავრესი შეჯიბრის პირველ დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში – 55, 66 და 96 კილოგრამში გათამაშდა და მოსკოვის ხალიჩაზე ქართული კლასიკური შვიდეულის 3 წევრიც გავიდა, მაგრამ ამ სამეულმა ჯამში ოთხზე მეტი შეხვედრის ჩატარება ვერ შეძლო.
საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი მანუჩარ ცხადაია (66 კგ) ჩემპიონატში მე-2 წრიდან ჩაერთო და მოულოდნელად, წარუმატებლად დაიწყო. ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა სომეხ არმან ადიკიანთან პირველი სეტი კი მოიგო, მაგრამ უპირატესობაც დაკარგა და ოქრო-ვერცხლის შანსიც. ხოლო მას შემდეგ, რაც ადიკიანმა შემდეგ წრეშივე წაიფორხილა, ცხადაიას ბრინჯაოს გზაც გადაეკეტა.
66 კილოგრამის ფინალში რუსეთის სახელით მოჭიდავე ქართველმა, ამბაკო ვაჩაძემ უკრაინის სახელით მოჭიდავე სომეხ არმენ ვარდანიანს სძლია და მიმდინარე სეზონი ოქროს დუბლით დაამშვენა. შეგახსენებთ, გაზაფხულზე ვაჩაძემ ევროპირველობაც წაუგებლად ჩაიჭიდავა.
სოსო ჯაბიძეც (96 კგ) ერთადერთი შეხვედრით დაემშვიდობა ჩემპიონატს. მისთვის დაუძლეველი ბარიერი ეგვიპტელი მოჰამედ იბრაჰიმ აბდელფათაჰი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, 96 კილოგრამშიც, 66-ის მსგავსად, სხვა ქვეყნის სახელით მოჭიდავე ქართველმა უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ქართული გუნდის წევრმა. დავით სალდაძეს უზბეკეთის ნაკრებისთვის მედლის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლდა. იგი რეპეშაჟის ფინალში რუს ოლიმპიურ ჩემპიონთან, ასლანბეკ ხუშტოვთან დამარცხდა და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა. ოქროს მედალს კი ამ წონაში ირანელი ამირ აზიზ ალიაკბარი დაეუფლა, ტიმოფეი ძეინიჩენკას ძლევით.
ბეგი დარჩიას შეგირდთაგან მოგების გემოს გასინჯვა მხოლოდ ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) მოახერხა, მაგრამ - ერთადერთხელ. წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა, მეორეში კი, ჩეხი იან ჰოკოს იოლად ძლევის შემდეგ მერვედფინალში გავიდა. ხოლო იქ, ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის მომგებ ფინელთან, იანი აუკა ჰააპამაკისთან ვეღარას გახდა და მის ფინალში გასვლას დაელოდა, თავად რეპეშაჟის გზა რომ გახსნოდა, მაგრამ ჰააპამაკი მეოთხედფინალში ირანელმა ჰამიდ მოჰამად სორიან რეინჰაპურმა შეაჩერა და გოგიტაძისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. უმსუბუქესი წონითი კატეგორიის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რეინჰაპური ავიდა. მოსკოვური გამარჯვებით მან მსოფლიოს ჩემპიონის მე-5 ტიტული მოინაგრა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 120 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქმეში რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) ჩაერთვებიან. ლაშხი ჩემპიონატს თურქ აბდულსამეტ უგურლისთან შეხვედრით გახსნის და თუ დაამარცხებს, შემდეგ ლიტველი ედგარას ვენსკაიტისისა და ბელარუსი დმიტრი ალენსკის წყვილში საუკეთესოს დაეჭიდება. 60 კილოგრამში რუსებს ზედ შეჯიბრის დაწყებისას ტრავმის გამო გამოაკლდათ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ისლამბეკ ალბიევი და მისი ადგილი ზაურ კურამაგომედოვმა დაიკავა. ეს უკანასკნელი ლაშხის ბადეშია და ქართულ-რუსული გზა ნახევარფინალში იკვეთება.
გეგეშიძის პირველი მეტოქე სომხეთის სახელით მოჭიდავე დენის ფოროვი იქნება. აქედან გასული კი იაპონელ ნორიკაცუ საიკავასა და სლოვაკ მარიან მიჰალიკს შორის მოგებულს დაეჭიდება. ქართველის მხარეს მოხვდა ბადეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, თურქი ნაზმი ავლუჩა, ხოლო უხვტიტულა რუსი, ალექსეი მიშინი საპირისპირო ბადიდან შეეცდება ფინალში გასვლას.
ფერსელიძე საწყის ეტაპზე სერბ მილოშ სპასიჩს დაუპირისპირდება. ამ წყვილიდან გასული - იაპონელ ჰიროკაცუ შინჯოსა და ყირგიზ მურატ რამონოვს შორის უძლიერესს. მასპინძელთა ჯილა ხასან ბაროევი და კუბელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი მიხაინ ნუნეს ლოპესი ფერსელიძეს ფინალამდე არ შეხვდებიან. ქართველი მძიმეწონოსნის მხარეს გამოსარჩევი ირანელი მოჰამად გორბანი გოლდასტეჰია, რომელსაც შეიძლება მეოთხედფინალში დაეჭიდოს.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
მოსკოვი. 6 სექტემბერი
55 კგ
1 ჰამიდ სორიან რეიჰანპური (ირანი)
2 გიუ-ჩინ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 რომან ამოიანი (სომხეთი)
3 ნაზირ მანკიევი (რუსეთი)
66 კგ
1 ამბაკო ვაჩაძე (რუსეთი)
2 არმენ ვარდანიანი (უკრაინა)
3 ვასიფ არზიმანოვი (თურქეთი)
3 ვიტალი რაჰიმოვი (აზერბაიჯანი)
96 კგ
1 ამირ აზიზ ალიაკბარი (ირანი)
2 ტიმაფეი ძეინიჩენკა (ბელარუსი)
3 ჯიმი ლიდბერგი (შვედეთი)
3 ასლანბეკ ხუშტოვი (რუსეთი)
ოთარ მაღლაკელიძე