თელავში მიმდინარე გოგონათა 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში 2 ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს – 16 წლის მარიამ ბოლქვაძე და 17 წლის თამარ კუტუბიძე.
კუტუბიძე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში არასოდეს ყოფილა, თუმცა, მერვედფინალში მსოფლიოს 346-ე ჩოგან მარგარიტა ლაზარევას, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, 6:3, 5:7, 6:4 სძლია. მომდევნო რაუნდში თამარი რუსეთის სახელით მოასპარეზე ტამარა ფიჩხაძეს ეთამაშება.
მე-6 რეიტინგის მქონე უკრაინელ ალიონა ფომინას 2:6, 6:4, 6:1 მოუგო ბოლქვაძემ, რომელიც კლასიფიკაციაში 860-ეა და ეს, მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. მეოთხედფინალში მარიამი ავსტრალიელ ჩანტელ რიგოცის გაეჯიბრება.
წყვილებში კუტუბიძე და რუსი ანასტასია ბლიუხტეროვა მე-3 ნომრად განთესილ რუსულ-მოლდავურ დუეტთან (კალაბინა-ვდოვენკო) 2:6, 1:6 დამარცხდნენ.
თელავშივე ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა ნახევარფინალში იასპარეზებენ ალექსანდრე ბაკში და გიორგი ცივაძე. მათ თურქ ოზტუზუნს და გერმანელ პლატესს 6:3, 6:4 სძლიეს.
ფინალის საგზურისთვის ბაკში და ცივაძე ქართულ (დემურ დავითაძე-გიორგი ჯავახიშვილი) და ფრანგულ-რუსულ (დიეპი-მედვედევი) წყვილებს შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.
სამწუხაროდ, ქართველთა გარეშე გაგრძელდება ერთეულთა შეჯიბრი. მე-5 რეიტინგის მქონე ალექსანდრე მეტრეველმა იტალიელ რიკარდო ბონადიოსთან 4:6, 6:7 (1:7) წააგო, ხოლო ბაკში პოლონელ პაველ ჩიასს ვერ გაუმკლავდა – 4:6, 5:7.