ჩვენი ქვეყნის საქმე უკან-უკან მას შემდეგ წავიდა, როდესაც საქართველო “ქართველმა ებრაელებმა”, ამ კეთილშობილმა და თბილმა ხალხმა დატოვა. ეს რა თქმა უნდა არც იყო გასაკვირი. ამ ადამიანებმა აქ სიდუხჭურეში ცხოვრებას ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება არჩიეს და დაგვიტოვეს ბევრი მართლაც რომ ლამაზი და ტკბილი მოგონება.
ქართველ ებრაელებთან დაკავშირებული ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოგონება ფეხბურთსა და კონკრეტულად თბილისის “დინამოს” უკავშირდება. სრულიად ყმაწვილი გულშემატკივრების გარდა, ალბათ ყველას გახსოვთ 1990 წელს საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩი, სადაც თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთთან” მეტად უცნაური ავტოგოლით წააგო. ამ თამაშზე პაპაჩემმა წამიყვანა და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რამდენჯერმე უკვე ვიყავი “დინამოს” სტადიონზე ნამყოფი, დაუვიწყარად დამრჩა თითქმის ყველა ეპიზოდი და ის სიტუაცია, რაც სტადიოზე სუფევდა.
ჩვენს უკან იჯდა ახალგაზრდა, 40 წლამდე კაცი, რომელიც მთელი მატჩის მანძილზე ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. ხან წამოხტებოდა, ხარ რაღაცას დაიყვირებდა მთელი ხმით და რამდენჯერმე კარგა გვარიანადაც შეიგინა. შეგინება ბევრნაირია: ღვარძლიანი, ბოროტი, ნერვიული, აფერისტული, მხიარული... ეს კაცი კი ისე უბოროტოდ და ღიმილიანი სახით იგინებოდა, რომ სულ მეცინებოდა და მინდოდა კიდევ რაიმე მაღვალაკური ეთქვა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატივრები ნელ-ნელა ტოვებდნენ სტადიონს. პაპაჩემს არ უნდოდა ხალხის ჭყლეტაში მოვყოლოდით და მითხრა – მოვიცადოთ, ხალხი როცა შეცოტავდება მერე უფრო თავისუფლად გავალთო. ვზივართ და ველოდებით ხალხის სტადიონიდან გასვლას. ამ დროს, პაპაჩემს უკნიდან მხარზე ხელი ვიღაცამ დაადო. გავიხედეთ და ის უცნობი კაცი გვიღიმის. “არ აღვნიშნოთ ჩვენი პირველი ჩემპიონატის გახსნა?” – ეუბნება პაპაჩემს და რატომღაც მე მოჩერებია. პაპაჩემმა წაუსვლელობის მიზეზად ჩემი იქ ყოფნა მოიშველია – ბავშვია და სად უნდა წავიყვანოო. მაგრამ მისმა სიტყვება არ გასჭრა და სულ მოკლე ხანში, ”პლეხანოვზე” ერთ უბრალო, მაგრამ კოხტა ბინაში აღმოვჩნდით. მაშინ გაირკვა, რომ ჩვენი მასპინძელი თბილისელი ებრაელი, ბატონი სოსო (იოსები) იყო, (რომლის გვარსაც აგერ რამდენიმე დღეა ვიხსენებ და ვერაფრით გავიხსენე) სახლში ჰყავდა ცოლი და 2 პატარა შვილი – გოგო და ბიჭი. 90-იანი წლების გარიჟრაჟი იყო. საქართველოში ხალხის უკეთესი მომავლის სჯეროდა და ჩვენი ბატონი სოსოც სულ იმას ამბობდა, მირჩევნია აქ მშიერი დავრჩე, რადგან ისრაელში ცოცხალი თავით არ წავალ საცხოვრებვლადო.
მერე ფეხბურთზე ილაპარაკეს ბევრი. ისაუბრეს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთის მომავალზე და იმაზე, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანას შეიძლება საკუთარი საფეხბურთო ნაკრები ჰყოლოდა. “ამის წარმოდგენისას თვალზე სიხარულის ცრემლები მადგებაო” _ გვეუბნებოდა ჩვენი მასპინძელი. გვაჭამეს ყოვლად უცნაური ებრაული საჭმელები, რომელთა მსგავსი იმის შემდეგ არასოდეს მიჭამია. რაკი უკვე გვარიანად ბნელოდა, პაპაჩემმა ალბათ ისევ იმის გამო, რომ გვიანობამდე სახლში ჩემი მიუყვანლობა არ იქნებოდა, სოსო ბატონს ბოდიში მოუხადა და წამოვედით.
მივდიოდით დაცარიელებულ ქუჩაზე და პაპაჩემს კითხვებით ვაბრუებდი. მაინტერესებდა ვინ იყვნენ ებრაელები, რატომ ჰქონდათ ასეთი უცნაური საჭმელები და რატომ ამბობდა ჩვენი ამსპინძელი - საქართველოს ნაკრებს რომ წარმოვიდგენ, ცრემლები მაწვებაო. პაპაჩემსაც როგორ შეეძლო მიხსნიდა, მაგრამ სანამ “კაი დიდი” არ გავხდი, მაინც ვერ ვხვდებოდი ქართველი ებრაელების ყოვლად უცნაურსა და საოცარ ფენომენს.
არ ვიცი ახლა სად არის ბატონი სოსო. შეიძლება ისიც თავისი მრავალი თანამოძმესავით გაუყვა ისრაელისაკენ მიმავალ გზას. ისიც შეიძლება, ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი დანაქადნებისა და უკიდურეს გაჭირვებაშიც კი თბილისში არჩია ცხოვრება. ბატონი სოსო ან მისი შვილები (იმედია ქართული მათაც მამასავით კარგად იციან) ამ სვეტს თუ კითხულობენ, მინდა ახლა მაინც ვუთხრა მადლობა იმ სითბოსათვის, რაც მე, სრულიად პატარა ბიჭს, თბილისური გაზაფხულის ერთ ჩვეულებრივ საღამოს მაგრძნობინეს!