თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად, მინსკი, ბერძნულ-რომაულში, ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრი გუნდური პრინციპით ჩატარდება და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მასში მონაწილეობას 10 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, მათ შორის, საქართველოს 7-კაციანი გუნდი.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ მინსკში გადახალისებული შემადგენლობა იახლა. ტრავმების გამო, გუნდს რამდენიმე წონის ლიდერი დააკლდება. 55 კილოგრამში ლაშა გოგიტაძე იჭიდავებს, 60-ში – რევაზ ლაშხი, 66-ში – ანტონ მამაგეიშვილი, 74-ში – გენადი გოგიშვილი, 84-ში – ვლადიმერ გეგეშიძე, 96-ში – მიხეილ ქაჯაია, ხოლო მძიმე წონაში – გურამ ფერსელიძე.
ოლეგ კარავაევის სახელობის ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ოთარ ტატიშვილიც გაწვრთნის. თემურ ყაზარაშვილი კი შეჯიბრზე მსაჯად მიიწვიეს. ჟერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ყაზარაშვილი ეგვიპტის ნაკრებს ედგა სათავეში, მაგრამ გუშინ, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, რომ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ახლახანს საქართველოში დაბრუნდა.
მინსკიდან დაბრუნებულ ქართველ ბერძენ-რომაელებს, წლევანდელ სატურნირო კალენდარში საქართველოს ჩემპიონატიღა დარჩებათ ჩასატარებელი. შიდა პირველობას 22-23 დეკემბერს ყოფილი ლევან თედიაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზი უმასპინძლებს, რომელიც ამჟამად ძიუდოისტების საკუთრებაა და შოთა ჩოჩიშვილის სახელს ატარებს.
ოთარ მაღლაკელიძე