ჭიდაობა

21:04 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი “ბერძენ-რომაელები” მსოფლიოს მედალს ვერ შეწვდნენ

 

 საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ბუდაპეშტური მსოფლიოს ჩემპიონატი უმედლოდ ჩაამთავრა. ოთარ ტატიშვილის გაწვრთნილი გუნდის შვიდივე წევრი, სეზონის უმთავრეს შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა ისე, რომ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც არ მისცემიათ.

დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები 66, 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით საჩინო დავითაიამ (66 კგ), ილია გულბათაშვილმა (74 კგ) და ლევან არაბულმა (120 კგ) იჭიდავეს.

დავითაიამ ბუდაპეშტურ ხალიჩაზე ერთადერთი შეხვედრის ჩატარება შეძლო – პირველსავე წრეში 2:3 დამარცხდა ნორვეგიელ მარიუს ბლომსტადლი ტომესენთან.

გულბათაშვილი გერმანელი ფლორიან ნოიმაიერისა (1:0) და ლატვიელი ალექსანდრს ვისნაკოვსის (5:3) ძლევის შემდეგ, უკრაინელ მიკოლა დარაგანთან ვეღარას გახდა (0:7).

არაბულმა ჩემპიონატი ლიტველ მინდაუგას მიზგაიტისთან მოგებით გახსნა (4:3) და გერმანელ ედუარდ პოპთან მარცხით (4:6) დაასრულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების შვიდი წევრიდან ექვსს, მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა. გამოცდილი გუნდში მხოლოდ რევაზ ლაშხი (60 კგ) იყო, რომელმაც ბუდაპეშტში მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

 

0.115581