ქართველმა მოჭიდავეებმა, “ოქროს გრან-პრის” მეორე დღეს, 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სპორტის სასახლეში მიმდინარე ტურნირის ჩემპიონები თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე (96 კგ) და ბერძნულ-რომაულის მიმდევარი გიორგი ცირეკიძე (74 კგ) გახდნენ. გოგშელიძემ ფინალში თანაგუნდელ ბელდუხ გავაშელიშვილს სძლია, ცირეკიძემ კი, გადამწყვეტი გამარჯვება ყაზახ აშატ დილმუხამედოვთან მოიპოვა.
ჩემპიონობამდე ერთი გამარჯვება დააკლდა ბერძნულ-რომაულში მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ოთარ ბოლქვაძეს, რომელმაც ირანელ ამირ ალიაკბართან წააგო. მე-3 საპრიზო ადგილები შალვა მუზიაშვილმა (66 კგ, თავისუფალი), დავით ქერაშვილმა (96, თავისუფალი), გენადი გოგიშვილმა (74, ბერძნულ-რომაული) და გურამ ფერსელიძემ (120, ბერძნულ-რომაული) დაიკავეს.
ტურნირის დასკვნით დღეს, შვიდ ივნისს, ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულში 60 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, თავისუფალ ჭიდაობაში კი - 74 და 84 კილოგრამებში.
ოთარ მაღლაკელიძე