ძიუდო

15:31 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ყაზახურ-უზბეკური ბარიერები ვერ დაძლიეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბაქოს სამდღიანი გრანდ სლემის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა. ირაკლი უზნაძის გუნდის წევრებმა გამოსვლა დილის პროგრამაშივე დაასრულეს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ნაკრების თავკაცმა სატურნირო განაცხადი წონითი კატეგორიების ლიდერების გარეშე შეავსო და მოკრძალებული შედეგიანობა მოსალოდნელიც იყო.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ორ უმსუბუქეს წონაში – 60 და 66 კილოგრამებში უნდა გამოვლინდნენ. საქართველოს დროშის ქვეშ ორივეში ორ-ორმა ძიუდოისტმა იჭიდავა. მათგან ყველაზე შედეგიანად შალვა ქარდავა გაისარჯა, რომელიც საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელი ზოლტ გორიანაცის ვაზარით ძლევის შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ იქ ბრიტანელ კოლინ ოუტსთან ვეღარას გახდა, სუფთად წააგო და რეპეშაჟში გადაერთო. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა – ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან ასევე იპონით დამარცხდა და გრანდ სლემზე მე-7 ადგილი დაიკავა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიმონო ტრისტან ფეიქრიშვილმაც მოირგო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ. დაუძლეველი ბარიერი მისთვისაც ყაზახი მეტოქე ჟანსაი სმაგულოვი გამოდგა, რომელმაც ვაზარით იმარჯვა.

პირველსავე მოწინააღმდეგესთან წააგო ლუხუმ ჩხვიმიანმაც, ოღონდ უილეთოდ – მეორე წუთის დასაწყისში, მაშინ, როდესაც მას და ჰოლანდიელ ხეროენ მუურენს თითო შიდო ჰქონდათ, მსაჯმა ქართველი მსუბუქწონოსანი წესის დარღვევის გამო შეხვედრიდან მოხსნა.

60 კილოგრამში საქმეში გიორგი მესაბლიშვილიც ჩაერთო და პირველ წრეში თურქმენეთის ნაკრების წევრი ბეგლი მერეტგელდიევი ჩამოიცილა. უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევთან კი ვეღარას გახდა.

ხვალ მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხოლო ზეგ – 90, 100 და +100 კილოგრამებში.

აქვე საქართველოს ნაკრების პირველ მეტოქეებზეც მოგახსენებთ: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) გრანდ სლემს აზერბაიჯანელ ვუგარ ბაირამოვთან შეხვედრით გახსნის, თენგიზ პაპოშვილი (73 კგ) თურქ ბაირამ ჩეილანს დაუპირისპირდება, ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) – უზბეკ შახზოდ სობიროვს, უშანგი მარგიანი (81 კგ) – არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვადიმ ბოკანსა და ჩინელ ჰემუბატუ ერის შორის მოგებულს, ზვიად გოგოჭური (90 კგ) – ჰოლანდიელი ჯილომ ელმონისა და ჩინელი რიჯიგავა სის წყვილიდან გასულს, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) – შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს, გურამ თუშიშვილი (100 კგ) – რუსეთის ნაკრების წევრ ზაფარ მახმადოვს, ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) – ყაზახ მაქსიმ რაკოვს, როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ) – მაროკოელ ელ მეჰდი მალკის, გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ) – აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ წევრ უშანგი კოკაურს, ხოლო საქართველოს ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრი ირინე ლეონიძე (+78 კგ) – ჩინელ ქსიაონან ქის.

0.116176