ფეხბურთი

22:29 | 23.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა შვედური მაგიდა დაშალეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევრო-2011-ის I საკვალიფიკაციო რაუნდი გადალახა – კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს III ჯგუფის ბოლო ტურში ფრეც ხელს აძლევდა შვედებთან, თუმცა, მაინცდამაინც არწაგებაზე არ უთამაშია და გურამ სამუშიას მიერ გატანილი გვიანი გოლით 1:0 იმარჯვა.
საქართველო მოხვდა იმ 28 გუნდს შორის, რომლებიც ელიტ-რაუნდზე შვიდ ჯგუფად დაიყოფიან და იქიდან უკვე პირველადგილოსნები გავლენ ფინალურ ეტაპზე. ამ შვიდ გუნდს დაემატება ფინალური ეტაპის მასპინძელი სერბეთი. ელიტ-რაუნდის კენჭისყრა წლეულს გაიმართება (თარიღი ჯერ არაა ცნობილი), მატჩები კი გაისად მარტში შედგება. ფინალური ეტაპი მაისშია.
წინასწარ გაცნობებთ, რომ ელიტ-რაუნდს საქართველო ვეღარ უმასპინძლებს, რადგან უეფა-ს დადგენილებით, ერთ ქვეყანას საკვალიფიკაციო რაუნდისა და ელიტ-რაუნდის მასპინძლობის უფლება არ აქვს.  
ახლა კი მატჩზე, რომელიც, რა თქმა უნდა, 26-ე სექტორში განთავსებულ “ქართული სპორტის ქომაგების” “აკომპანიმენტით” გაიმართა და როგორც წინა ორ შეხვედრაში, ამჯერადაც, ძლიერ უჭერდნენ მხარს ჭაბუკ “ჯვაროსნებს”.
გუნდები ჰიმნის მოსასმენად რომ გამწკრივდნენ, რამდენიმე გულშემატკივარმა ჩაილაპარაკა, აბა, იმათ სიმაღლეს შეხედეთ და მერე ჩვენსასო. თუმცა, ფეხბურთში მხოლოდ სიმაღლე რომ იძლეოდეს შედეგს, ლიტვა და ისლანდიაც გრანდები იქნებოდნენ. ქართველთა უპირატესობა ტექნიკაში უფრო იყო თვალშისაცემი და საერთოდაც, მატჩის სტატისტიკას რომ შევხედოთ, ყველაფერი ცხადი გახდება – საქართველო მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა.
პირველი სახიფათო მომენტი მე-5 წუთზე შეიქმნა, როცა ლუკა ჰუფნაგელმა მარცხენა ფლანგზე გაუჭრა პასი ავთო ენდელაძეს, მის ჩაწოდებულზე კი, ნიკა დიასამიძემ კარს გადააცილა ბურთი. სათქმელია, რომ დიასამიძე ოდნავ მახვილი კუთხიდან ურტყამდა და როგორც იტყვიან, “თავის გემოზე” ვერ დაუმიზნა კარს. მე-12 წუთზე, ბაჩანა არაბულმა საჯარიმო დაარტყა და მეკარემ მოიგერია. არაბულმა პირველ ტაიმში თავურითაც სცადა გატანა, მაგრამ შვედების გოლკიპერი ამჯერადაც არ შეცდა.
შესვენებამდე ქართველები გაცილებით აქტიურები იყვნენ და ბევრს უტევდნენ. გამოსარჩევი იყო გურამ სამუშია, რომელმაც მარცხნივ აშკარად დაჯაბნა მეურვე და სულ ცოტა, კუთხურს ან ჯარიმას მაინც “შოულობდა”. არაბული, წინა მატჩების მსგავსად, ბევრს აწუხებდა მცველებს, დიდი სამუშაო შეასრულა გიორგი გოგიჩაიშვილმა, რომელიც მე-2 ნახევრის დასაწყისში შეცვალა ჟორჟიკაშვილმა – ალბათ, დაღლილობის გამო.
დინჯი და თავდაჯერებული იყო ჰუფნაგელი. “ბაიერნის” 17-წლამდელთა ნახევარმცველს ჯერ ქართული პასპორტის აღებაზე გადახდა ნერვიულობა, მერე პრესა-ტელევიზიებისგან დიდი ყურადღება ექცეოდა, პლუს, სანამ თბილისში ჩამოვიდოდა, სულ 3 დღე ივარჯიშა “ბაიერნში” სრული დატვირთვით – მგონი, ცოტა არაა. ამ ყველაფერმა დაღი დაასვა მის თამაშს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰუფნაგელს არავისზე ცუდად არ უთამაშია. თვალშისაცემია მისი სათამაშო სტილიც – სწორად გახსნა, სწორი და დროული პასი, საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა.
დაცვასაც ჰყავს ლიდერი – კაპიტანი ნიკა სანდოხაძე გამორჩეულია, განსაკუთრებით ძლიერია მაღალი ტრაექტორიის ბურთებზე. ყოჩაღად ჩაატარა სამივე მატჩი მარჯვენა მცველმა დავით მთივლიშვილმაც.
ახლა მე-2 ტაიმზე ვთქვათ, რომელშიც შვედები გააქტიურდნენ და საწყისი 10 წუთი მეტწილად ქართველთა ნახევარზე გაატარეს. 48-ე წუთზე დინო ისლამოვიჩმა თავური ისე დაარტყა, ხელს არავინ უშლიდა – ბედად, ააცილა. აქ გააკეთა ორმაგი ცვლილება ჟორჟიკაშვილმა და აშკარად დროულიც იყო, რადგან სკანდინავიელები უპირატესობას ეუფლებოდნენ. გიორგი ფანცულაია (რომელიც პირველად გამოვიდა მინდორზე ამ საკვალიფიკაციო რაუნდში) და თემურ მარკოზაშვილი კარგად ჩაერთვნენ თამაშში, თანაც, ამ ცვლილებებით, ჟორჟიკაშვილმა შეტევაზე გააკეთა აქცენტი – დიასამიძე და მარკოზაშვილი თუ ერთი ამპლუისანი არიან, ფორვარდმა ფანცულაიამ ნახევარმცველი გოგიჩაიშვილი შეცვალა. მარკოზაშვილს ბოლო წუთებზე გოლის გატანაც შეეძლო, საჯარიმოში შევიდა, მცველი კარგად ჩამოიშორა და ახლო კუთხეში დაურტყა მეკარეს, მაგრამ არაზუსტად. მანამდე კი ქართველთა მეკარეს მოუწია ნახტომის გაკეთება – 77-ე წუთი იყო, ვიქტორ სოდერსტრიომის შორიდან დარტყმული რომ მოიგერია.
და გოლი... არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე ქართველებმა მეტოქეს მისსავე ნახევარზე წაართვეს ბურთი – უფრო ზუსტად, ჰუფნაგელმა წაართვა შვედს, იქვე არაბულს მიაწოდა, არაბულმა კი მარჯვენა ფლანგზე მყოფ მარკოზაშვილს, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და იქ სამუშიამ თავით დაასწრო სტუმართა მცველს - 1:0.
საქართველო ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა, მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩა ინგლისს, დანარჩენ ორ გუნდს კი მთელი 6 ქულით გაასწრო.
ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში, “მიხეილ მესხზე” ინგლისმა მხოლოდ 1:0 სძლია პოლონეთს. “მხოლოდ” იმიტომ, რომ დიდი უპირატესობა ჰქონდა. სლავებს ბრიტანელთა კარისკენ ერთხელაც კი არ დაურტყამთ.
მატჩის შემდეგ:
რონალდ ლარსონი: “პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ და უამრავი ხარვეზი გვქონდა, შესვენების შემდეგ კი კარგად ვითამაშეთ, შეტევაც გამოგვდიოდა. ქართველებს ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ და გამოიყენეს კიდეც. ბოლო წუთები იყო და ვა-ბანკზე წავედით, რადგან ჩვენთვის 0:1 თუ 0:0 ერთი და იგივე იყო.
...სამწუხაროდ, რაუნდი ისე ჩავამთავრეთ, გოლი არ გაგვიტანია. საქართველოს ნაკრები გულით და დიდი მონდომებით თამაშობდა. ეს ფეხბურთია, ასეთ ბრძოლას ცოდნა უნდა.
...ჩვენ ინგლისს ცუდ დროს შევხვდით. ისინი პირველი მატჩისთვის განსაკუთრებულად მოტივირებული და შემართული იყვნენ. ინგლისისა და საქართველოს შედარება? ინგლისელები ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან, შესაძლოა, მალევე ეს ბიჭები პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ვიხილოთ. საქართველო უფრო მებრძოლი გუნდია, თუმცა, კარგი ფეხბურთელები მათაც ჰყავთ – 4 ნომერი (სანდოხაძე – რედ.), 10 ნომერი (არაბული – რედ.) და კიდევ სხვებიც”.
კობა ჟორჟიკაშვილი: “ვიცოდით, რომ რთული მატჩი გვექნებოდა. შვედების თამაში და ვარჯიშები ნანახი მქონდა, სერიოზულად მივუდექით საქმეს და რაც მთავარია, დაცვაზე არ გავაკეთეთ აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ ფრე გვაწყობდა, უფრო შეტევაზე გამთვლელი შეცვლები გავაკეთე.
...სამივე მატჩი სხვადასხვაგვარი იყო. ინგლისთან მე-2 ტაიმმა გვაჩვენა, რომ ასეთი დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია, ამან ბიჭებს რწმენა შემატა.
...ჯერ ელიტ-რაუნდის კენჭისყრა უნდა გაიმართოს და მოსამზადებელ გეგმებზე მერე უფრო კარგად ჩამოვყალიბდებით. როცა გვეცოდინება, ვის ვხვდებით ელიტ-რაუნდზე და როდის გაიმართება, იმის მიხედვით დავგეგმავთ ამხანაგურ მატჩებს.
...მადლობა ქომაგებს, მხარდაჭერა არ მოჰკლებიათ ბიჭებს. ამ სამ მატჩში ქომაგების სახით, მე-12 ფეხბურთელი გვყავდა”.  
გურამ სამუშია: “მთელი მატჩის განმავლობაში მხარში გვედგნენ გულშემატკივრები. დიდი მადლობა მათ და მიხარია, რომ ელიტ-რაუნდზე გავედით. რაც შეეხება გოლის მომენტს, ეს დამუშავებული კომბინაციის შედეგი იყო”.
ავთო ენდელაძე: “საწადელი ავისრულეთ და ეს ეტაპი გადავლახეთ. ძნელი მატჩი იყო. მე-2 ტაიმი ინგლისსაც ვაჯობეთ, რაც სასწაული მონდომების შედეგია. ინგლისელები დუბლებში თამაშობენ, ჩვენ კი ჭაბუკთა ლიგაში, განსხვავება როგორ არ იქნება ჩვენს შორის? კლასით გვჯობიან, მაგრამ არ დავეჩაგვრინეთ”.
გაბრიელ თებიძე: “ძალიან გახარებული ვარ. მე-2 ტაიმში შვედების ფეხბურთელმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ იმ ბურთის გაშვება არ შეიძლებოდა”.
   

17-წლამდე ფეხბურთელები. ევრო-2011-ის I საკვალიფიკაციო რაუნდი. III ჯგუფი. III ტური
23 ოქტომბერი. 15:00. თბილისი. “ეროვნული”. 4000 მაყურებელი

საქართველო – შვედეთი 1:0 (0:0)
საქართველო:
თებიძე, მთივლიშვილი, კახიძე (ცნობილაძე 64), სანდოხაძე, მონიავა, გოგიჩაიშვილი (მარკოზაშვილი 50), ჰუფნაგელი, დიასამიძე (ფანცულაია 50), ენდელაძე, სამუშია, არაბული.
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
შვედეთი: სტერლანდერი, იესპერ ანდერსონი, იოჰან ანდერსონი, აუგუსტინსონი (სიდერსტრიომი 71), ფორსელი, ლარსონი, სტალი, ოვუსუ (ტიბლინგი 59), ისლამოვიჩი, ესპლინგი (შიობერგი 41), პივოვსკი.
მწვრთნელი: რონალდ ლარსონი.
გოლი: 1:0 სამუშია (80+1).
არბიტრი: გორან სპირკოსკი (მაკედონია).
სტატისტიკა:
კარში დარტყმა: 4-3, არაზუსტი დარტყმა: 6-3, გაფრთხილება: 0-0, ჟარიმა: 5-14, კუთხური: 5-2, თამაშგარე: 4-0.


23 ოქტომბერი. 15:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”.
ინგლისი – პოლონეთი 1:0 (0:0)
ინგლისი:
პიკფორდი, კუზინსი, კოტონი (ჰენდრი 71), ჩალობა, ჯექსონი, რეგანი, რედმონდი, ტერგოტი, პაუელი, სტერლინგი (ფენიმო 73), ჰოუპი (მორგანი 61).
მწვრთნელი: ჯონ პიკოკი.
პოლონეთი: ფრაკოვიაკი, კეჟიორა, ვიტი, რადეცკი, ურიგა (ნოვაკი 58), ბაგინსკი, ვრონსკი, ბიელი, ბუდეკი (დიტკო 70), ვილკი, კობილანსკი (ზელინსკი 60).  
მწვრთნელი: მარჩინ დორნა.
გოლი: 1:0 ტერგოტი (62).
გაფრთხილება: სტერლინგი (11), კოტონი (31), კობილანსკი (59).
არბიტრი: ანატოლი ვიშნიჩენკო (ყაზახეთი).
სტატისტიკა:
კარში დარტყმა: 3-0, კარისკენ დარტყმა: 6-0, გაფრთხილება: 2-1; ჯარიმა: 16-20, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 3-1.

1. ინგლისი 3   2   1    0   5-1   7
2. საქართველო 3 2 1 0 4-2 7
3. პოლონეთი 3 0 1 2 1-3 1
4. შვედეთი 3 0 1 2 0-4 1

ილია ნანობაშვილი


 

0.26124