გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მე-8 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა დიდი წვლილი დაიდეს.
არაგონული კლუბი მორიგ შეხვედრაში ბონის “ტელეკომს” დაუხვდა და მართლია, პირველი მეოთხედი 10:20 დათმო, საბოლოოდ, გერმანული კლუბი 71:60 დაამარცხა.
სანიკიძე ერთადერთი გახლდათ ორივე გუნდის რიგებში, ვინც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. ვიქტორმა მოედანზე 30:12 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 10 ქულა, 12 მოხსნა და 1 დაფარება იყო.
ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგიანად გაისარჯა შერმადინიც, რომელმაც 21:39 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ერთხელ შეცდა, 4-ჯერ დაჯარიმდა და მასზეც თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
როგორც აღვნიშნეთ, სარაგოსელებმა მე-5 მატჩი მოიგეს და D ჯგუფში ფრანგული “გრაველინის” (6 გამარჯვება) და გერმანული “ალბას” (5) კვალად მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან. ცნობისთვის, მომდევნო რაუნდში ჯგუფიდან სწორედ მოწინავე სამეული გადის.
პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ქართველთა კლუბი რომის “ვირტუსს” ეთამაშება, რომელიც 2 მოგებით მე-5 ადგილზეა. ეს მატჩი 10 დეკემბერს იტალიაში გაიმართება.