ჭიდაობა

15:08 | 31.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ბუდვას პლაჟზე უშედეგოდ იჭიდავეს

ჩერნოგორიის ქალაქ ბუდვაში ჩატარებული პლაჟის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველი მოჭიდავეებისთვის უშედეგო გამოდგა. გასულ უქმეებზე ჩატარებული ტურნირის შედეგები ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდს ჯერაც არ გამოუქვეყნებია, ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი ხომ საერთოდ არ არსებობს და სათაურში მოყვანილი მშრალი და არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია მხოლოდ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციიდან შევიტყვეთ.
შეგახსენებთ, მსოფლიოს პირველობაზე ორ ქართველს უნდა ეჭიდავა – ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურ მდივან მალხაზ ჯორბენაძეს და საქართველოს ნაკრების კანდიდატ ბელდუხ გავაშელიშვილს. მათთან ერთად ჩერნოგორიაში აჭარის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე რაულ თავართქილაძეც გაემგზავრა, რათა ორგანიზატორთაგან ჩემპიონატის მასპინძლის საპატიო დროშა გადაებარებინა. 2011 წლის ზაფხულში, პლაჟის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება.
ქართული დელეგაცია თბილისში ამაღამ დაბრუნდება.
ოთარ მაღლაკელიძე



 

0.115894