ქართველ მოჭადრაკეთა მრავალრიცხოვანი დელეგაცია გაემგზავრა ირანის ქალაქ რეშტში მიმდინარე ტრადიციულ საერთშორისო ტურნირზე სათამაშოდ. 10th Khazar Cup International Open Chess Tournament-ი ოთხ კატეგორიად ტარდება და მასში მონაწილეობას 9 ქვეყნის 103 მოჭადრაკე იღებს, საქართველოს კი ყველაზე მეტი წარმომადგენელი მთავარ A ქვეჯგუფში ჰყავს.
უძლიერესთა შორის ათი ქართველი მოჭადრაკეა: ლევან ფანცულაია (2592), დავით ბენიძე (2516), ლუკა პაიჭაძე (2491), გაიოზ ნიგალიძე (2459), გიგა ყუფარაძე (2451), შოთა აზალაძე (2403), ვალერიან გაფრინდაშვილი (2400), ივერი ჭიღლაძე (2395), დავით ლომსაძე (2341), აკაკი შალამბერიძე (2330). B ჯგუფში ქართველთაგან პაატა მაჩაიძესა (2050) და სულხან სირბილაძეს (1998) “ვხედავთ”.
ორი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 15 მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის ფანცულაია (დამატებითი მაჩვენებლებით, იგი პირველ ადგილზეა) და აზალაძეც (მე-4) იმყოფებიან. 1.5-1.5 ქულა აქვთ აქტივში შალამბერიძეს, პაიჭაძესა და ყუფარაძეს, დანარჩენი ქართველები კი მოწინავე ორმოცეულის მიღმა იმყოფებიან.
მე-3 ტურში ფანცულაია აზერბაიჯანელ აიაზ მამადოვს (2404) ეთამაშება, აზალაძე ასევე თეთრი ფიგურებით რუს ოლეგ კორნეევს (2584) გაეჯიბრება, ხოლო ყუფარაძე და შალამბერიძე ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. და ერთიც. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ სერგეი ტივიაკოვს (2677), ჯერჯერობით, მხოლოდ 0.5 ქულა გაჩნია და 86-ე ადგილზეა.
B ჯგუფში სირბილაძემ ორივე პარტია მოიგო და ლიდერთა ჯგუფშია, მაჩაიძე კი 1.0 ქულით 115-ეა. დამატებითი მაჩვენებლებით, პირველ პოზიციაზე ირანელი რეზა მირზაჯანი (2073) იმყოფება.