ჭიდაობა

18:20 | 6.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები საწყის ეტაპს ვერ გასცდნენ

საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია (66 კგ) მოსკოვში დღეს დაწყებულ მსოფლიოს პირველობაზე წარუმატებლად გამოვიდა. ევროპის ბრინჯაოსა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი ქართველი პირველსავე მეტოქესთან – სომეხ არმან ადიკიანთან სამსეტიან შეხვედრაში დამარცხდა და ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფინალს ვერც სომეხმა უწია, ცხადაიას რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.
დღესვე ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი გავიდა, მაგრამ ძირითად ბადეში მათაც საწყის ეტაპზევე წაიფორხილეს.
96 კილოგრამში მოჭიდავე სოსო ჯაბიძისთვის დაუძლეველი ბარიერი ეგვიპტელი მოჰამედ იბრაჰიმ აბდელფათაჰი აღმოჩნდა. მხოლოდ ლაშა გოგიტაძემ (55 კგ) მოახერხა გამარჯვების გემოს გასინჯვა, მაგრამ ერთადერთხელ. მერვედფინალს ვერც იგი გასცდა. ჩეხი იან ჰოკოს იოლად ძლევის შემდეგ ქართული გუნდის უმსუბუქესი წევრი ევროპის ფინელ ჩემპიონთან, იანი აუკა ჰააპამაკისთან ვეღარას გახდა.
55, 66 და 96 კილოგრამი წონითი კატეგორიების დასკვნითი შეხვედრები თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება და წინასწარი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ტელერეპორტაჟს განახორციელებს.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.118558