ინტერვიუები

11:50 | 23.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები მაინც მოხვდნენ ევრო-2012-ზე

როგორც იქნა, გაირკვა ევროპის 2012 წლის ყველა თექვსმეტივე გუნდის ვინაობა, სამწუხაროდ ეს დიდი ღონისძიებაც უჩვენოდ ჩაივლის, მაგრამ მასში ქართველები მაინც მიიღებენ მონაწილეობას: დავით პეტრიაშვილი და მამუკა კვარაცხელია, ევროპის ჩემპიონატზე აქტიურ როლს ითამაშებენ. პეტრიაშვილი როგორც იცით უკვე უეფას შტაბბინაში მუშაობს “ჰეთ-თრიქის” პროექტის მენეჯერად, კვარაცხელია კი უეფამ, ახლადგახსნილ “ოლიმპიისკიზე” (სადაც ევრო-2012-ის ფინალი უნდა გაიმართოს) უკრაინისა და გერმანიის მატჩის ხელმძღვანელად დანიშნა და სწორედ მასზე იქნება დიდწილად დამოკიდებული მედიის მუშაობა ამ დიდებულ სტადიონზე. კვარაცხელია ახლა დონეცკში იმყოფება, სადაც “შახტარი” “პორტოს” მასპინძლობს და ჩვენც იქ დავიჭირეთ (თანაც, გუშინ მისი დაბადების დღე იყო).
- ბატონო მამუკა, გილოცავთ დაბადების დღეს და წარმატებებს გისურვებთ. რა ხდება დონეცკში, ყველაფერი მზადაა „პორტოსთან“ მატჩისთვის?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მაგრამ დაბადების დღის აღნიშვნა კი არა, იმდენი საქმეა, თავის მოსაფხანი დრო არ მაქვს, დღეს თამაშისწინა დღეა და ორივე გუნდის პრესკონფერენციასაც და ვარჯიშებსაც უნდა დავესწრო, თანაც, „შახტარი“ ვარჯიშს ტრადიციულად საკუთარ ბაზაზე ატარებს სოფელ კირშაში, რომელიც ქალაქს 35 კილომეტრითაა მოშორებული და ყველგან უნდა მოვასწრო.
- რამდენი ჟურნალისტია აკრედიტებული?
- ახლახანს მომიტანეს რიცხვები – მწერალი ასამდე, 30 ფოტოგრაფი და რაც მთავარია, მატჩის ჩვენების უფლებების არმქონე 11 ტელევიზია _ საქართველოსგან განსხვავებით, ამ ტელევიზიებს მატჩის გადაღების უფლება არ აქვთ და ჩემს თანაშემწეებთან ერთად, საგულდაგულოდ ვადევნებ თვალს მათი კამერების ჩაბარების პროცესს.
- დინამო-ტორპედოს მატჩზე მყოფი ჟურნალისტები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ ზოგი სიახლით – ჟურნალისტებს პირველად გაუმასპინძლდნენ ჩაითა და ტკბილეულით, მატჩის შემდეგ, როგორც არასდროს, ძალზე ადვილი იყო ნებისმიერ ფეხბურთელთან დალაპარაკება სულ სხვანაირად მოწყობილ შერეულ ზონაში...
- „დინამო არენაზე“ კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ გადმომიყვანა და სწორედ ის დამავალა, რომ ჩვენთანაც ისე კომფორტულად იგრძნონ თავი ჟურნალისტებმა, როგორც უცხოეთში. სტადიონის დირექტორი სანდრო შახოვიც მეტად თანამედროვე ჩინოვნიკია და ყველა სწორ წამოწყებას მხარს უჭერს. მომავალი წლიდან, „დინამო არენას“ მედიასერვისი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც უცხოეთში მაღალი რანგის მატჩებზე.
- თქვენი უახლოესი გეგმები როგორია?
- ახლა, ჩემთვის მთავარი, „დინამო“ და მისი წარმატებებია. რაც შეეხება უეფაში მოღვაწეობას – 1 დეკემბერს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის 20 წლისთავზე ვარ დაპატიჟებული სფფს პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ერთად, 2 დეკემბერს, იქვე კიევში, ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრაში მივიღებ მონაწილეობას, შემდეგ კი, სამუშაო შეხვედრები მაქვს გერმანიასა და იტალიაში. ჩემს ყველა ვიზიტს, ახლა თბილისის „დინამოს“ პრიზმაში ვიყენებ – რაც კი საუკეთესო და შესაძლებელია, ჩვენთანაც უნდა დავნერგოთ და იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ სასიამოვნოდ გავაოცებთ ქართველ ჟურნალისტებს, მერე კი, ყველაფერი ჩვევაში გადაგვივა...
 

0.144965