ფეხბურთი

13:49 | 3.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ჩრდილოელებთან – სად და როგორ?

 7 სექტემბერს "დინამო არენაზე" უმნიშვნელოვანეს მატჩს ველით: საქართველოს ეროვნული ნაკრები  ისტორიაში მეთერთმეტე შესარჩევ ციკლს იწყებს და ირლანდიას მასპინძლობს. ნაკრებს, რომელსაც ხუთჯერ შეხვედრია და ხუთივეჯერ წაუგია. აქედან ოთხჯერ შესარჩევში და ერთხელაც, ბოლოს შარშანდელ ამხანაგურში 0:4.

"ახლა მოგების დროა. ირლანდიელებმა ჩვენზე უკეთ არ იციან ფეხბურთის თამაში და მათ ბრძოლაშიც თუ არაფერს დავუთმობთ, მჯერა, რომ მოვიგებთ" - თქვა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე.

ქეცბაიას ჯგუფიდან გასვლა ამოუჭრია გულში, საამისოდ კი უშუალო კონკურენტებს უნდა მოუგოს საშინაო მატჩში. ირლანდია სწორედ ასეთია – არც გამოკვეთილი ფავორიტია გერმანიასავით და არც აუტსაიდერი გიბრალტარივით.

ირლანდია დიდ ბრიტანეთში არ შედის, თუმცა ტიპიურ ბრიტანულ ფეხბურთს თამაშობს და მათი ფეხბურთელებიც (და მწვრთნელი მარტინ ონილიც) სწორედ ინგლისურ კლუბებში ვითარდებიან, იქ თამაშობენ, იქ იხვეჭენ სახელს.

ამიტომაც, საინტერესოა, გადავხედოთ ბრიტანელებთან ქართველთა მიერ ჩატარებული მატჩების ისტორიას. საბჭოეთის დაშლამდე მუდამ საუბრობდნენ, თბილისის "დინამოს" ბრიტანელებთან თამაში გამოსდისო და მართლაც, "ვესტ ჰემისა" და "ლივერპულის" მაგალითებიც კმარა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრები ბრიტანულ ნაკრებებთან:

ინგლისთან

1996. საქართველო-ინგლისი 0:2

1997. ინგლისი-საქართველო 2:0

 

უელსთან

1994. საქართველო-უელსი 5:0

გოლები: ქეცბაია (2), ქინქლაძე, გოგრიჭიანი, შოთა არველაძე

1995. უელსი-საქართველო 0:1

გოლი: ქინქლაძე

2008. უელსი-საქართველო 1:2

გოლები: ყენია, ბექა გოცირიძე

 

შოტლანდიასთან

2007. შოტლანდია-საქართველო 2:1

გოლი: შოთა არველაძე

2007. საქართველო-შოტლანდია 2:0

გოლები: მჭედლიძე, სირაძე

 

ჩრდილოეთ ირლანდიასთან

2008. ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო 4:1

გოლი: ცქიტიშვილი (პენ)

საქართველოს ნაკრების ისტორიაში სამჯერ მოგვიგია შესარჩევში ბრიტანულ ნაკრებებთან და რადგან ჩვენ იშვიათად ვიგებთ, ყველა ეს გამარჯვება სხვაგვარად გვამახსოვრდება. უელსთან 5:0-ს კომენტარი არ სჭირდება, ქართველებმა საშინელ დღეში ჩააგდეს უელსელთა მძიმეწონოსანი მეკარე ნევილ საუთჰოლი, მეტწილად თავზე უგდეს ბურთები და არც უელსში დააკლეს: იქაც, გიორგი ქინქლაძემ ულამაზესი ბურთი გაუტანა საუთჰოლს.

როგორ დაგვავიწყდება შოტლანდიასთან ლამაზ სტილში მოგებული 2:0. კლაუს ტოპმიოლერმა იმ დღეს 17 წლის ჭაბუკებიც ათამაშა: გიორგი მაკარიძე, ლევან მჭედლიძე და ლევან ყენია. სამივემ დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში.

ინგლისი ინგლისია, სხვა დონეა და მითუმეტეს, იმ პერიოდში ბრწყინვალე გუნდი ჰყავდათ. გლენ ჰოდლის გაწვრთნილებთან ვერაფერს გახდნენ ქართველები.

ამ ჩამონათვალიდან ყველაზე მწარედ გასახსენებელი ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ამხანაგური მატჩის წაგება იყო: 1:4. ეს კლაუს ტოპმიოლერის ბოლო მატჩი აღმოჩნდა ნაკრების თავკაცის რანგში. საქართველოს ნაკრები ძალიან არეული იყო.  

ამ ეტაპზე წარსულის მატჩები ბევრს არაფერს ნიშნავს, თუმცა საინტერესოა.

0.138198