გულშემატკივრის სვეტი

14:03 | 16.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ”ბერნაბეუზე”

ვიდრე რამეს ვიტყოდე, პირველ რიგში განსაკუთრებულად კატალონიის ”ბარსელონას” და მადრიდის ”რეალის” ქართველი გულშემატკივრები უნდა გავაფრთხილო. მართალია, ჯანდაცვის სამინისტროსთან ირიბი კავშირიც კი არ მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შემდეგი აბზაცის წაკითხვა შესაძლოა განსაკუთრებით მავნებელი სწორედ ამ ორი კლუბის ქომაგთა ჯანმრთელობისათვის იყოს. შესაძლოა, მათში გამოიწვიოს დარდიანი ოხვრები, გულის ფრიალი და შურიც კი... ასე რომ, მადრიდული და კატალონიური კლუბების ქომაგებმა შეგიძლიათ შემდეგი აბზაცები ეგრევე გამოტოვოთ...
მაშ ასე, ერთი თვის წინ, ანუ 2011 წლის დეკემბერში, როდესაც პირთამდე გადაძეძგილ ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მილიონობით გულშემატკივრისათვის ესოდენ საოცნებო სანახაობა - ”ელ კლასიკო” მიმდინარეობდა და მთელი ევროპა ამ მატჩის მიმდინარეობას გარინდებული შესცქეროდა, ესპანელმა სამართალდამცველებმა ”სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებზე ”მომუშავე” ორი ჯიბგირი დააკავეს. ჯიბგირის ნახვა აქაც და მთელს მსოფლიოშიც, რასაკვირველია, არავის უკვირს, მაგრამ ალბათ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ქურდბაცაცები ქართველები იყვნენ და სწორედ მაშინ დაიჭირეს, როდესაც მადრიდელი ქომაგების ჯიბეების ამოსუფთავებით იყვნენ გართულნი.
მაგალითად, ხართ ”რეალის” თავგადაკლული ინჩასი, მთელი თვეების განმავლობაში კატალონიურ-კასტილიური დაპირისპირების მოლოდინში ცხოვრობთ, და როგორც იქნა, დადგა მორიგი ”ელ კლასიკოს” ჟამი. რასაკვირველია, ”რეალის” მაისურში გამოწყობილი, თამაშის დაწყებამდე მიაშურებთ საყვარელი ” სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებს, სხვებთან ერთად იმღერებთ მადრიდულ საჩემპიონო სიმღერას და ხართ ერთ ამბავში. თამაშის დაწყების შემდეგ ხომ, მოედნის იქით რა ხდება, საერთოდ იშლება თქვენი ტვინიდან და მოურინიოზე არანაკლებად განიცდით იმას, რაც მინდორზე ხდება. ამ დროს, გვერდით გიჯდებათ ტყავის პრიალა ქურთუკში გამოწობილი სამხრეთული გარეგნობის ორი ბიჭი, რომელთაგანაც ერთი ჯიბეებს გიცარიელებს, მეორე კი გარემოს ზვერავს, ვინმემ რომ არ დაინახოს მათი საქმიანობა... მორჩება მატჩი და სტადიონიდან გამოსული აღმოაჩენთ, რომ იმ დღის მთელი გულისტკივილი ”რეალის” წაგებით არ შემოიფარგლება, რადგან საფულეც დაგიკარგავთ და მობილური ტელეფონიც. თან იმ მომენტში, როდესაც ფეხბურთის გარდა ვერაფერს გაიხსენებთ.
”კოკა წყალზე გატყდებაო” – სწორედ ასე მოუვიდა იმ ორ ქართველ ჯიბგირს. როგორც გაირკვა, მათი საჯიბგირო არეალი სწორედ სტადიონები, და რაკი ძირითადად მადრიდში ცხოვრობდნენ, უმეტესად ”სანტიაგო ბერნაბეუ” იყო. შეიპარებოდნენ სტადიონზე (ანდა სულაც ბილეთებს იყიდდნენ), მიათვალიერ-მოათვალიერებდნენ ხალხს, წინასწარ დაადგამდნენ თვალს “საკბილოებს” და ფეხბურთის აზარტში ჩართულ ესპანელებს თუ არაესპანელებს ისე უძვრებოდნენ ჯიბეებში, ეს უკანასკნელნი ვერაფერს იგებდნენ. მაგრამ ერთხელ ესპანელ პოლიციელებსაც გაუმართლათ და ქართველი ჯიბგირები (რომლების ვინაობასაც, როგორც ხედავთ, შეგნებულად არ ვამბობ) სწორედ მაშინ დაიჭირეს, როდესაც ”ალა მადრიდის” ძახილით ხმაჩახლეჩილი მავანი ესპანელი ქომაგის ფინანსურ შესაძლებლობებს ”სწავლობდნენ”. ესპანური კანონები ქურდებისა და მეტადრე, წვრილმანი ქურდების მიმართ არცთუ მკაცრია. ქართველ ჯიბგირებს ბაცაცობაზე მაქსიმუმ 2-3-წლიან პატიმრობას თუ მიუსჯიან. თან პატიმრობას ესპანურ ციხეში, სადაც საჭმელი საჭმელს ჰგავს და უფრო მეტი კომფორტია, ვიდრე ზოგიერთ თბილისურ სამარშრუტო ტაქსიში. მაგრამ, ამ ამბიდან განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ რისი დადგენაც ყველაზე მეტად მინდოდა, სწორედ ის ვერ დავადგინე. კერძოდ კი ის, ქართველმა ჯიბგირებმა ყურმოკვრით მაინც თუ იცოდნენ, რას ნიშნავს თუნდაც მათი თანამემამულე ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის ”ბარსელონა”-”რეალის” დერბი და რამდენი ადამიანი ოცნებობს (ზოგიერთი, დარწმუნებული ვარ, სიზმარშიც კი ხედავს) დიდებულ ”ელ კლასიკოზე” დასწრებაზე.
ძალიან კარგად მესმის, ამ სვეტის წაკითხვის შემდეგ ”რეალისა” და ”ბარსას” ქართველი გულშემატკივრები როგორ ფინთ განწყობაზეც დადგებიან. ”სანტიაგო ბერნაბეუზე” დაჭერილი ქართველი ჯიბგირების ამბავი ხომ კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ძალიან ცდება ის, ვისაც დედამიწაზე უკიდეგანო სამართლიანობის არსებობის სჯერა და ამის იმედი აქვს. და საერთოდ, სად უნდა ეძებო სამართალი, როდესაც დღეს ესპანეთის ციხეში მსხდომ ქართველ ჯიბგირებს რომ ჰკითხო, დარწმუნებული ვარ, ”რეალი”-“ბარსელონას” იმ შეხვედრის ანგარიშსაც კი ვერ გეტყვიან...
 

 

ლევან სეფისკვერაძე

0.118201