ინტერვიუები

14:54 | 15.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ნიჩბოსნებს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეუძლიათ

გუშინ და დღეს, მცხეთაში ნიჩბოსანთა საქართველოს ღია ჩემპიონატი მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი მონაწილე გუნდის, კერძოდ კი, დუშეთის მთავარ მწვრთნელ შალვა მუსოევს გავესაუბრეთ:
- საქართველოში სად აქვთ ნიჩბოსნებს ვარჯიშის საშუალება და რა უჯდებათ ფინანსურად?
- ჩვენ ბაზალეთის ტბაზე ვვარჯიშობთ, ბაზალეთის სპორტსკოლაში, თუმცა ჩვენთან ერთად სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც არიან (ფეხბურთელები, წყალბურთელები და ა.შ.), რაც მიუღებელია.
- ყოველთვიური ანაზღაურება თუ გეძლევათ თქვენ და სპორტსმენებს?
- ხელფასი მხოლოდ მე მაქვს - 180 ლარი, ბავშვებს კი თვეში 2-3 ლარის მოტანა იქით უწევთ, ეს ფული ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადებს ხმარდება.
- სპორტსმენები თავისით მოვიდნენ თუ თქვენ მოძებნეთ?
- მე მოვძებნე. კარდაკარ დავდიოდი და ვარჩევდი.
- რა პრინციპით შეარჩიეთ?
- ასაკით პატარები, ფიზიკურად კი მაღლები და ჯანმრთელები უნდა ყოფილიყვნენ.
- როგორც ცნობილია, შეჯიბრებებზე ხან დუშელები გამოგყავთ, ხან კი მცხეთელები, რითაა ეს გამოწვეული?
- დუშეთის გუნდსაც ვწვრთნი და ნაკრებშიც ვმუშაობ. საქართველოს ღია პირველობაზე დუშელები გამომყავს, შეჯიბრში გამარჯვებულ ბავშვებს კი, რომლებიც ნაკრებში ხვდებიან, საზღვარგარეთ საასპარეზოდ ვამზადებ.
- დღეს რა მდგომარეობაა ქართულ ნიჩბოსნობაში და გვაქვს თუ არა ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი?
- დღეს ცოტა რთული მდგომარეობაა. მიუხედავად ამისა, ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი მაინც გვაქვს, რადგან სპორტსმენებიც და მწვრთნელებიც ძალიან მონდომებულნი არიან.
- რამდენად შეიძლება ამ სახეობის განვითარება არსებულ პირობებში და თუ დაგაფინანსეს, რა შედეგს მიღწევაა შესაძლებელი?
- რა თქმა უნდა, განვითარება ამ ფონზეც შეიძლება, თუმცა კარგი იქნება, თუ ნიჩბოსანთა ფედერაცია ტრენინგების ჩასატარებლად რომელიმე უცხოელ მწვრთნელს მოიწვევს, რადგან კვალიფიკაციის ამაღლება გვესაჭიროება.
- ვის ჩამოსვლას ისურვებდით? რომელი ქვეყნიდან?
- კონკრეტულად არავის, ვინმეს უნგრელებიდან ან უკრაინელებიდან, რადგან ძალიან ძლიერები არიან.
- განვითარებაში ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს?
- სპორტული ინვენტარი, რომელიც 1987 წელს არის შეძენილი და რომელიც ძალიან მოძველებულია. ძველი ნავები ხისაა და ფართო, ახალი კი ლითონის, გაცილებით წვრილი და სწრაფი. როდესაც უცხოეთში მივდივართ შეჯიბრებებზე, ჩვენი ნავები ვერ ჩაგვაქვს, ამიტომ ახლებით გვიწევს ასპარეზობა. ქართველი ნიჩბოსნები კი ახალ ნავებს მიუჩვეველნი არიან, რის გამოც ერთი-ორჯერ ამოყირავდნენ კიდეც.
- რა ღირს თანამედროვე სანიჩბოსნო ინვენტარი?
- საკმაოდ ძვირი, ნავი 2500-5000 ევრო, ნიჩაბი კი 200-500 ევრო, თუმცა უფრო იაფად საქართველოშივე დამზადებაც შესაძლებელია. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ნიჩბოსანთა ფედერაცია ძალიან გვეხმარება, თუმცა თვითონ ფედერაციასაც დახმარება ესაჭიროება.
- ვინმე თქვენს დაფინანსებას ან ამ სახეობის განვითარებას ხომ არ აპირებს?
- კი, დუშეთის ყოფილი გამგებელი ზურაბ ოტიაშვილი დამპირდა დახმარებას.
- როდის გვქონდა ამ სახეობაში საუკეთესო შედეგები?
- 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის პირველობაზე მესამე-მეოთხე ადგილებს ვიკავებდით. ოდესღაც ოლიმპიური ჩემპიონიც კი გვყავდა - ფოთელი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე 2-ადგილიანი ბაიდარით გაიმარჯვა.
- რამდენად ახლოსაა მსოფლიოს წამყვან ნიჩბოსანთა შედეგებთან საუკეთესო ქართველი სპორტსმენების დღევანდელი შედეგები?
- ზოგადად, ცოტა ჩამოვრჩებით, თუმცა გვყავს რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება შეუძლიათ, მათ შორის კი ზაზა ნადირაძეს გამოვყოფდი.
- ქართული წარმოშობის ან საქართველოდან წასული სპორტსმენების შესახებ თუ გსმენიათ რაიმე?
- სამწუხაროდ, არა.
საქართველოს ნიჩბოსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბეჟან ხურციძემ კი კითხვაზე, როდის შეიძენენ ახალ ინვენტარს და თუ შეიძენენ საერთოდ, შემდეგნაირად გვიპასუხა:
“რა თქმა უნდა, შევიძენთ, ოღონდ უცნობია, როდის, რადგან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თავის დროზე დახმარება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც ვთხოვე, მაგრამ უშედეგოდ, იმედია, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მაინც დაგვეხმარება”.

რუსუდან ჭუმბურიძე
ლაშა კუპრაშვილის ფოტო

 

0.621146