ჩოგბურთი

15:17 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ჩოგბურთელთა სარეიტინგო სიახლეები

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში 8 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა, რომელთაც სათავეში კვლავინდებურად სოფო შაფათავა უდგას. იგი 5 პოზიციით დაქვეითდა და 268 ქულით 207-ე ადგილზე იმყოფება.

207 (202). სოფო შაფათავა – 268 ქულა; 316 (321). ეკატერინე გორგოძე – 127; 442 (482). ოქსანა კალაშნიკოვა – 71; 478 (479). სოფო ქვაცაბაია – 62; 630 (635). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 36; 719 (733). მარიამ ბოლქვაძე – 25; 1167 (1211). თამარ კუტუბიძე – 5; 1260 (9999). თამარ ჭალაგანიძე – 3;

როგორც უკვე ვიუწყებოდით, მიმდინარე კვირაში პრესტიჟულ ტურნირზე ითამაშებს ოქსანა კალაშნიკოვა. იგი ფრანგ ლაურა ტორპესთან გახლავთ შეწყვილებული და ძალებს ჩინური ვუჰანის ტურნირზე მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 2 440 070 დოლარია.

2014 DONGFENG MOTOR WUHAN OPEN-ის საწყის რაუნდში კალაშნიკოვა და ტორპე გერმანელ მონა ბარტელს და ლუქსემბურგელ მენდი მინელას გაეჯიბრებიან და გამარჯვების შემთხვევაში, 105-105 სარეიტინგო ქულას მიიღებენ. თუკი 23 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაში ქართველმა და ფრანგმა იმარჯვეს, მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ჩეხურ-ჩინურ დუეტს (ჰლავაჩკოვა-პენგი) ეთამაშებიან.

ისიც ვთქვათ, რომ წყვილთა კლასიფიკაციაში კალაშნიკოვას 1182 ქულა გააჩნია და 66-ე ადგილზე იმყოფება.

ცნობისთვის, აღვნიშნავთ, რომ აწ უკვე აშშ-ს სახელით მოთამაშე საქართველოს ექს-პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა გასულ კვირას ალბუკერკის 75-ათასიანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში 571 ქულით 101-ე ადგილზე გადაინაცვლა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში 219 ქულით 220-ე პოზიციაზე გახლავთ ნიკოლოზ ბასილაშვილი. ამჟამად, ის რუმინულ სიბიუში იმყოფება და 42 500-ან ჩელენჯერზე ითამაშებს. ერთეულთა ტურნირის პირველ წრეში ბასილაშვილი იტალიელ ფლავიო ჩიპოლას გაეჯიბრება, წყვილებში კი ქართველი სერბი მილიან ზეკიჩი იმავე ჩიპოლას და ჩეკინატოს დაუპირისპირდებიან.

0.120271