ტელეკომპანია “ევროსპორტი” 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის უმეტესი მატჩების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების თამაშების ხილვაც შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ლიტვაში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე ქართველი 19-წლამდელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად საფრანგეთი, სერბეთი და თურქეთი ეყოლებათ. “ევროსპორტის” განრიგის თანახმად, 20 და 23 ივლისს ქართველთა საფრანგეთთან და სერბეთთან მატჩები პირდაპირ ეთერში იქნება, ხოლო 26 ივლისის თურქეთთან შეხვედრა კი “ლაივ-რეჟიმში” არ მოხვდა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ფრანგებთან მატჩი ალიტუსის სტადიონზე (ტევადობა – 3748) თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, სერბებთან მატჩი მარიამპოლეს სარბიელზე (6250) 19:30 საათზე გახლავთ დაგეგმილი, ხოლო თურქებთან ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაში სტარტს მარიამპოლშივე 17:30 საათზე აიღებს.
ცხადია, “ევროსპორტის” პირდაპირ ეთერში ნახევარფინალები და ფინალიც იქნება, ამდენად, თუკი საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გააღწევს, ქართველ ფეხბურთელთა თამაშს კვლავ ვიხილავთ.
ისიც ვთქვათ, რომ ცნობილი ევროპული ტელეკომპანიის განრიგში ყველაზე მეტად ლიტვის ჭაბუკთა გუნდი დაიჩაგრა. მასპინძლები ფინალურ ეტაპზე ყველაზე სუსტებად მიიჩნევიან და გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ევროსპორტმა” მათი მონაწილეობით ერთადერთი თამაშის ტრანსლირება არჩია.
|