კალათბურთი

2:07 | 25.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართულმა წყვილმა 30 ქულით დაიწყო

შერმადინმა და სანიკიძემ “სარაგოსას” პირველი მატჩი მოაგებინეს

ესპანურმა “სარაგოსამ” 2 ქართველი კალათბურთელის შემატების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და ჩინებული შედეგიც მიიღო. არაგონელებმა ქვედალიგელ “კლავიხოს” საკონტროლო შეხვედრაში 78:68 სძლიეს, ქულების ლამის ნახევარი კი გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზეა – მათ ერთობლივად 30 ქულა მიითვალეს.

ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შერმადინი გახლდათ და მატჩი საუკეთესო მოთამაშეც სწორედ ის გახდა. გიორგიმ მოედანზე 18:42 წუთი გაატარა და გუნდს 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა 6-ვე ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო ანუ ფაქტობრივად უშეცდომოდ ესროლა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 25-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

14 ქულით “სარაგოსას” ვიცე-ბომბარდირი გახდა სანიკიძე, რომლის აქტივშიც თითო მოხსნა, ჩაჭრა და დაფარებაც გახლდათ. “ვიკამ” 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, 4 შეცდომა ჰქონდა, 3-ჯერ დაჯარიმდა და მასზეც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, გუნდების კლასში სხვაობა აშკარა გახლდათ და მოედანზე დიდი ბრძოლა არ ყოფილა. სარაგოსელები დასკვნით მეოთხედს 20-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ და ბოლოსკენ მეტოქეს მხოლოდ სხვაობის შემცირების უფლებაღა მისცეს.

სარაგოსელებს მორიგი საკონტროლო შეხვედრა 27 სექტემბერს ელით, როდესაც მათი მეტოქე მადრიდის “ფუენლაბრადა” იქნება.

უკანასკნელ დღეებში 2 მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა “კახასოლმა”, რომლის რიგებშიც ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე ირიცხება. თავდაპირველად, სევილიელებმა “ბილბაო ბასკეტს” 88:81 სძლიეს, სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ ბექა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 7 ქულა მიითვალა.

სამწუხაროდ, უცნობია ბურჯანაძის მონაგარი გუშინ გამართულ შეხვედრაში, რომელშიც “კახასოლი” მადრიდულ “ესტუდიანტესს” 90:74 სძლია. 26 სექტემბერს ქართველი კალათბურთელის გუნდი “გრან კანარიას” ეთამაშება.

0.129769