თბილისის “ოქროს გრან-პრის” მესამე დღეს, წინა ორი დღის ტრადიცია არ დარღვეულა და ქართველმა მოჭიდავეებმა რაოდენობრივად უცხოელებს ისევ გვარიანად გადააჭარბეს, ოღონდ, ამჯერად, ეს უპირატესობა შედეგიანობაზე გაცილებით ცუდად აისახა. 64 მონაწილეს შორის, უცხოელი მხოლოდ 23 იყო და მათგან 9 კვარცხლბეკზე ავიდა. მაშინ, როდესაც 41 ქართველიდან ეს მხოლოდ 7-მა მოახერხა და ჩემპიონობა ვერც ერთმა ვერ შეძლო.
დღეს მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდა: თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 74 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებსა და ბერძენ რომაელთა 60 და 84 კილოგრამებში. თავისუფლებში ქართულ-თურქული ფინალები გაიმართა და ორივე შემთხვევაში, სტუმართა სასარგებლოდ დასრულდა.
74 კილოგრამში გოჩა ლომთათიძემ ფინალში ჭიდაობა სამი ქართველის: რევაზ ივანიშვილის, მარად ზოიძისა და გიორგი მარსაგიშვილის ძლევით გაინაღდა, იქ კი, დემირჩინ ბატუჰანთან დასანანი მარცხი იწვნია – პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, მეორე-მესამე სეტებში საფინალო სირენამდე ორიოდ წამით ადრე გამოეპარა მეტოქის ილეთი და ვერცხლს დასჯერდა. ამ შეხვედრამდე, ბატუჰანმა ნახევარფინალში გელა საღირაშვილს აჯობა. საქართველოს ნაკრების გამოცდილი წევრი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, მაგრამ ვერც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამეულში კანადელი მეტ ჯენტრი შევიდა, მარსაგიშვილთან ერთად.
84-ში გაჩემპიონების შანსი ხელიდან რევაზ ნადარეიშვილმა გაუშვა, ილდირიმ აჰმეტთან წაგებით. ფინალის გზაზე ნადარეიშვილმა რობერტ ქობლიაშვილი, დავით ქარჩავა და მათე სოფაძე ჩამოიცილა. ეს უკანასკნელი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ისევე, როგორც აჰმეტისგან ნახევარფინალში ძლეული დავით ჩაკვეტაძე.
ქართულ-თურქული დაპირისპირება კლასიკოსთა 84 კილოგრამის გადამწყვეტ შეხვედრაშიც ვიხილეთ – ბოლუკბასი იბრაჰიმმა აჩიკო ქიტიაშვილს აჯობა. ამ წონაში მხოლოდ 13 მონაწილე მოგროვდა და ფინალში გასასვლელად ქიტიაშვილს ორი გამარჯვება ეყო – ირაკლი მარსაგიშვილთან და თურქ ბოკე სერდართან. იბრაჰიმი კი, ბადის ქვემოთა ნაწილში მოხვდა და სულ ოთხჯერ მოუხდა ხალიჩაზე გასვლა. სწორედ მომავალ ჩემპიონთან მარცხით დაკარგეს ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ლაშა ფოფხაძემ და ბექა ჭელიძემ. ჩამოთვლილ ქართველთაგან, რეპეშაჟის ფინალში მარსაგიშვილმა და ჭელიძემ იჭიდავეს, მაგრამ ბოკესთან და რუს კოლოი კორტოევთან ვერას გახდნენ. ჭელიძეს წარმატებაში ხელი შუა შეხვედრაში მიღებულმა ტრავმამაც შეუშალა – ცხვირიდან სისხლი რეპეშაჟის ფინალის მიმდინარეობისას რამდენიმეჯერ წასკდა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, “ოქროს გრან-პრის” ჩემპიონის ტიტულამდე გადამწყვეტი ნაბიჯი ირაკლი ჭოჭუას დააკლდა. ოღონდ, თანამემამულე ფინალისტთაგან განსხვავებით, მან უზბეკ მეტოქესთან, მსოფლიოს 2001 წლის ჩემპიონ დილშოდ არიპოვთან წააგო. სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში, ოქროს მედლის ბედი არიპოვის მიერ ბოლო წამებზე შესრულებულმა ბრუნმა გადაწყვიტა. მესამე ადგილზე ჭოჭუასგან პირველ წრეში ძლეული ქემალ ხარაბაძე და სომეხი ალექსან მიხაელიანი გავიდნენ, რომელსაც არიპოვმა ნახევარფინალში სძლია.
ოქროს მედლებთან ერთად, ჩემპიონებს 1500-1500 დოლარი ერგოთ, ვერცხლის პრიზიორობისთვის 800 დოლარი იყო დაწესებული, ხოლო ბრინჯაოს მოპოვებისთვის – 500. თბილისის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და ორივე სტილიდან თითო მოჭიდავე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. ვახტანგ ბალავაძის სახელობის ჯილდო თურქ დემირჩინ ბატუჰანს ერგო, ხოლო გივი კარტოზიას თასს ასევე თურქი, ილდირიმ აჰმეტი დაეუფლა.
უსაჩუქროდ ტურნირის უცხოელი კომისარიც არ დარჩენილა - ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელ ვევილაინენ პერტს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ ქართული ხმალი უსახსოვრა.
ოთარ მაღლაკელიძე
“ოქროს გრან-პრი”
თბილისი
12 ივნისი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
60 კგ
1 დილშოდ არიპოვი (უზბეკეთი)
2 ირაკლი ჭოჭუა (საქართველო)
3 ქემალ ხარაბაძე (საქართველო)
3 ალექსან მიხაელიანი (სომხეთი)
74 კგ
1 ილდირიმ აჰმეტი (თურქეთი)
2 რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო)
3 მათე სოფაძე (საქართველო)
3 ელმადინ აბდულალაევი (აზერბაიჯანი)
თავისუფალი ჭიდაობა
74 კგ
1 დემირჩინ ბატუჰანი (თურქეთი)
2 გოჩა ლომთათიძე (საქართველო)
3 გიორგი მარსაგიშვილი (საქართველო)
3 მეტ ჯენტრი (კანადა)
84 კგ
1 ბოლუკბასი იბრაჰიმი (თურქეთი)
2 აჩიკო ქიტიაშვილი (საქართველო)
3 ბოკე სერდარი (თურქეთი)
3 კოროი კორტოევი (რუსეთი)