სხვა

18:11 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სპორტის დიდი კონფერენცია დიდუბეში

"სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა" – ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც თბილისში, დიდუბის საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დღეს დილით გაიხსნა. ორდღიანი, საკმაოდ დატვირთული პროგრამის ძირითადი თემებია: საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება, სპორტის სამართლებლივი ბაზა და სპორტული არბიტრაჟი, ქვეყანაში ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაცია, სპორტში ინვესტირების ხელშეწყობა და დაფინანსების საკითხის მოგვარება.

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გახსნეს.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ სპორტის სათანადოდ განვითარებისათვის მარტო სპორტსმენების და ცალკეული ადამიანების ძალისხმევა არაა საკმარისი და სახელმწიფოსგან განსაკუთრებული მხარდაჭერაა აუცილებელი.

"საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად ტარდება სპორტის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით. სახელმწიფომ სპორტზე მეტი უნდა იზრუნოს. ჩვენი მთავრობა ამისთვის ინტენსიურად მუშაობს და ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. მთავრობამ შეიმუშავა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და ხელშეწყობის პროგრამები, რათა საქართველო ღირსეულად წარსდგეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ახლახან დამტკიცებული “სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი” ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის ქართულ სპორტში.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ინვესტიციები ახალგაზრდა სპორტსმენებში ჩადონ და ისინი აუცილებლად მიიღებენ უკუგებას და იამაყებენ თავიანთი წვლილით.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა და  პოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაზე. ამჟამად კი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველოში სპორტის განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიცირებით 2013 წლის 22 მაისს შეიქმნა საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის შესაქმნელად დაამტკიცა შესაბამისი თემატური ჯგუფები.

4 აპრილს საქართველოს მთავრობამ „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტი" ოფიციალურად დაამტკიცა. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოში სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს.

ქართული მხარის გარდა კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ექსპერტები სლოვენიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან. “ექსპო ჯორჯიას” დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეც ესტუმრნენ.

კონფერენციის ფარგლებში მომზადდა დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს ხელმომწერთა ნებას ხელი შეუწყონ საქართველოში სპორტის განვითარებას. ხელი კი პრემიერ-მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა, ასევე კონფერენციის სხვა მონაწილეებმა მოაწერეს.

0.116596