საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები დაღესტანში გაემგზავრა. 12-13 ოქტომბერს ქალაქ ხასავიურტში საკონტინენტთაშორისო თასი გათამაშდება და მისთვის ბრძოლაში ქართული შვიდეულის გარდა 9 გუნდი ჩაერთვება. შედგება ორი ხუთგუნდიანი ქვეჯგუფი და ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ჩამთავრების შემდეგ ლიდერები ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
ქართული გუნდი დაღესტნურ ხალიჩაზე შვიდი წონითი კატეგორიიდან ხუთში ნაკრების ლიდერებით იქნება წარმოდგენილი – 55 კილოგრამში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იჭიდავებს, 60-ში – მალხაზ ზარქუა, 66-ში – შალვა მუზიაშვილი, 84-ში – დავით მარსაგიშვილი, ხოლო 120-ში – დავით მოძმანაშვილი. ოპტიმალურ შემადგენლობას მხოლოდ დავით ხუციშვილი (74 კგ) და გიორგი გოგშელიძე (96 კგ) დააკლდებიან. ამ წონებში ხალიჩაზე გიორგი მარსაგიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე გავლენ. ქართულ გუნდს ხასავიურტში დავით ხურცია უთავკაცებს. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი კი ტურნირზე მსაჯად მიიწვიეს.
“წინასწარი ინფორმაციით, ჩვენი ნაკრების გარდა ორგანიზატორებმა საკონტინენტთაშორისო თასზე მიიწვიეს: ამერიკის შეერთებული შტატები, კუბა, ბულგარეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი და სომხეთი. ამ გუნდებს რუსეთი და დაღესტნის ნაკრებიც დაემატება, თუმცა, გამორიცხული არაა, მონაწილეთა რაოდენობა და სია მცირედით შეიცვალოს. ტურნირის საპრიზო ფონდი 150 ათასი დოლარია. აქედან 50 ათასი ჩემპიონ გუნდს გადაეცემა, ფინალში დამარცხებული ნაკრები 30 ათასს მიიღებს, მესამე პრიზიორი – 20 ათასს, მეოთხეადგილოსანი – 10 ათასს, ხოლო მეხუთე – 5 ათასს. ინდივიდუალური ფინანსური ჯილდოებია დაწესებული წარმატებული გუნდების მწვრთნელებისთვისაც” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მალხაზ ჯორბენაძემ.
საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული ნაკრები 12 ოქტომბერს, საღამოს გამოვლინდება, 13 ოქტომბერს იმავე ხალიჩაზე მძიმეწონოსან მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს აბსოლუტური თასი გათამაშდება, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები შინ გუნდური ტურნირის დასრულებისთანავე ბრუნდება, ინდივიდუალური პირველობა დავით მოძმანაშვილის გარეშე ჩაივლის.
ოთარ მაღლაკელიძე