რაგბი

12:25 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული საკლუბო რაგბი უფულოდ და უსასოოდ...

რა სჯობს დალოცვილ გრილ საღამოს ზაფხულის თბილისში... მით უმეტეს, თუკი საღამოს მეგობრებთან ერთად ლუდის წრუპვაში გაატარებ და სულ კაი-კაი რამეებს მოყვები... აი, სწორედ ასეთი კოხტა საღამო იყო ამ რამდენიმე დღის წინ. კოლეგებმა და მეგობრებმა ტაქსი გავაჩერეთ და როგორც ოდნავ შემთვრალ ხალხს სჩვევია, ლუდის სმისას დაწყებული საუბარი ტაქსიში გავაგრძელეთ. საუბარი ქართულ რაგბს შეეხებოდა. ამ დროს ტაქსის მძღოლი მოტრიალდა და გვითხრა: “კარგია, რაგბი რომ გიყვართ, ბიჭებო. აი, მეც მორაგბე ვარ. რა ვქნა, ქართულ კლუბებში ხელფასებს ვეღარ გვიხდიან და ყოველ საღამოს ასე ვტაქსაობ. აბა, ძმებო, ოჯახი ხომ უნდა შევინახო?!” ამ ამბავში ცუდი ისაა, რომ იმ მორაგბეს რატომღაც ერცხვინებოდა ტაქსისტობა და ჩვენც პირობა მივეცით, რომ არც მის სახელსა და არც მის კლუბს არ გავამხელდით. ამ ამბის დაუწერლობა კი ნაღდად არ იქნება იმიტომ, რომ ნამდვილად არაა დასამალი ჩვენი საკლუბო რაგბის უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა. ვინც ამას დამალავს, ის ქართული რაბისა და ზოგადად ჩვენი სპორტის ყველაზე დიდი მტერი მგონია!

ყველანაირი მუშაობა და ზოგადად შრომა სათაკილო კი არა, პირიქით, დასაფასებელია. კაცს რომ ოჯახის შენახვა აწევს ვალდებულებად და პასუხისმგებლობაც დიდი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა ღონეს იხმარს, რომ ფინანსური პრობლემები თუნდაც ტაქსაობით მოაგვაროს. მაგრამ, აბა, როგორ არ აფორიაქდები, როდესაც ტაქსისტად ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სარაგბო კლუბის მორაგბე შეგხვდება, რომელიც მეორე დილას ვარჯიშზეა წასასვლელი და ვარჯიშის წინ ძალების აღდგენის ნაცვლად, ტაქსის საჭეს უზის. ამას არ ჰქვია მხოლოდ ის, რომ ქართულ რაგბს უჭირს. ამას სრული კატასტროფა ჰქვია და რთულია, სხვაგვარი შეფასება მისცე მსგავს ფაქტებს.

ჩვენს საკლუბო რაგბში სხვადასხვა დროს გამოჩნდებოდნენ ხოლმე ”ფულიანი ძიები”, თუ ფულიანი სამინისტროები და ზოგადად რაგბის მოყვარული, ფინანსურად წელში გამართული ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კლუბის დაფინანსებას იღებდნენ საკუთარ კისერზე. ერთ წელიწადს “ყოჩებს” ჰქონდათ ფული, მეორე წელიწადს - ბათუმის “დათვებს”, უახლოეს წარსულში კი, სარაგბო კლუბ “არმიას”. მაგრამ ეს მცირეოდენი გამონათებები ბევრს არაფერს ცვლიდა და ყველა მეტ-ნაკლებად შეძლებული კლუბი ბოლოს მაინც უსახსროდ და ბეჩავად რჩებოდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სარაგბო კლუბი ”არმია” 2 წლის წინ ყველაზე წელში გამართული კლუბი იყო. ახლა ამ გუნდსაც მძიმე დროება უდგას. ზოგიერთი ქართული კლუბი კი, მორაგბეებს საერთოდ უხელფასოდ ათამაშებს.

ამის გამო ხდება ისე, რომ ქართული კლუბებიდან მორაგბეები ისეთ არასარაგბო ქვეყნებში გარბიან, როგორიც რუსეთი, უკრაინა, ჩეხეთი და პოლონეთია. თქვენ გგონიათ, იმ ქვეყნებში ხვდებათ განსაკუთრებულად ლაღი ფინანსური პირობები? ამასწინათ, ერთი ქართველი მორაგბე მრავალი მორგაბისათვის საოცნებო საფრანგეთში გაემგზავრა სათამაშოდ და იცით, რამდენი ექნება ამ ბიჭს ხელფასი? 700 ევრო! ასეთ პირობებში და ასეთ სიტუაციაში ჭეშმარიტად დასაფასებელნი არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოში შვილები რაგბზე დაჰყავთ და ძალასა და სახსრებს არ იშურებენ შვილების მორაგბეებად გაზრდისათვის. გაზრდი, დააფრთიანებ ნიჭიერ ბიჭს და რა გამოდის? უხელფასოდ უნდა ითამაშოს? ვერ გავიგე, მოყვარულთა ლიგაა თუ გართობაა?

როგორც გავიგე, ბოლო პერიოდში თბილისის “ლოკომოტივს” გამოსჩენია სპონსორი და იქაურ მორაგბეებს იმედი აქვთ, რომ ახლა მაინც დაადგებათ საშველი. მაგრამ ვინმე მისცემს მათ გარანტიას, რომ 1-2 წლის შემდეგ სიტუაცია არ შეიცვლება? იძახდნენ - “არმია” თავდაცვის ბიუჯეტზე რომ იყო მიბმული, ეს საბიუჯეტო კანონების დარღვევაა და ამ კლუბს კერძო სპონსორი უნდა ვუპოვოთო. მერე თქვენ გგონიათ იპოვეს? არც არაფერი! ვერც სპონსორი ნახეს და არიან ახლა ეს ბიჭები ასე, ცასა და მიწას შორის გამოკიდულები.

ეს ისეთი თემაა, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ამოვიღოთ ხმა, თორემ საქართველოში სპორტის ერთ-ერთი წარმატებული სახეობა (სანაკრებო დონეზე) გახდება უფულოთა და ჯიბეგამოფხეკილთა “სექტური კლუბი” და მამები შვილებს რაგბზე უბრალოდ აღარ მიიყვანენ. თქვენ გინდათ, რომ შვილი სპორტსმენად გაზარდოთ, წელებზე ფეხი დაიდგათ და ყოველ საღამოს თქვენი შვილი დასვენების ნაცვლად ტაქსაობდეს? რა თქმა უნდა, ეს არ გინდათ! ასე საქმე არ კეთდება. ქართული რაგბის ბოსებს კი ტრაბახსა და მკერდზე მუშტის ბრახუნს ურჩევნიათ, რკინის ქალამნები ჩაიცვან და თუ სახელმწიფო ფულის გამოყოფას ჯიუტად არ აპირებს, კომპანია-კომპანია დაიწყონ სპონსორების ძებნა. სხვაგვარად არაფერი გამოვა!

 

0.112893