ფეხბურთი

10:50 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული საფეხბურთო ლეგიონის ამბები

პოლონეთის ჩემპიონატში “იაგელონიამ” გასვლაზე 0:1 წააგო “კრაკოვიასთან” და მერვე ადგილზე დარჩა. გიორგი ფოფხაძემ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა ძალამიზემ მეორე ტაიმი გაატარა მინდორზე.

რუსეთში გია გრიგალავას “ანჟიმ” გასვლაზე ქულა აიღო მოსკოვის “სპარტაკთან” – 2:2. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, მახაჩყალელები 0:2-ს აგებდნენ და მაინც მოახერხეს გათანაბრება.

“მეორე ტაიმში მოვუმატეთ და ორთაბრძოლებსაც ვიგებდით. ფიზიკურადაც, ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით, ვიდრე “სპარტაკი”. ვფიქრობ, ეს გამოჩნდა კიდეც. ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე ჰოლანდიის “ალკმაარს” ვუმასპინძლებთ და მთლიანად ამ მატჩისთვის გადავერთვებით. ჯერ “ალკმაართან” უნდა ვიმარჯვოთ, შემდეგ კი ცსკა-სთან თამაშზე მოვახდენთ კონცენტრაციას” – თქვა გრიგალავამ.

შეხსენებისთვის, ევროპის ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში “ანჟიმ” ჰოლანდიაში 0:1 წააგო.

დანიაში “ორჰუსმა” გასვლაზე 3:1 მოუგო “რანდერსს” და მეექვსე პოზიციაზეა. ქართველთაგან მხოლოდ დავით დევდარიანმა ითამაშა და ისიც, ბოლო 5 წუთი. დევდარიანმა გაფრთხილებაც მიიღო. მათე ვაწაძე სათადარიგო გახლდათ, ხოლო დავით სხირტლაძე განაცხადში არ იყო.

თურქეთში “ქაისერისფორმა” შინ 2:0 მოუგო “ბურსასფორს”, თუმცა ზურაბ ხიზანიშვილის გარეშე – ქართველ მცველს ტრავმა აწუხებს. ქაისერელები ბოლო ადგილზე რჩებიან და 7 ქულით არიან დაშორებულნი სამშვიდობო ზონას.

 

 

0.121497