რაგბი

14:19 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული რაგბის ახალი სენი - გადამყიდველები

იყო დრო და ახლაც არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თამაშებზე დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგაც კი, სტადიონზე 5 ათასი მაყურებლის მიყვანაც ჭირს, მაგრამ არის გამორჩეული შემთხვევები, როდესაც ხვეწნაც არაა საჭირო, ისე ივსება სტადიონები.

ეს, უმეტესად რუსეთის ნაკრებთან თამაშებისას ხდება, თუმცა, “ბორჯღალოსანთა” გმირულმა გარჯამ შედეგი გამოიღო და გულშემატკივარი მზადაა მეთექვსმეტე მოთამაშეობა რუმინეთთან გასამართ უმნიშვნელოვანეს მატჩშიც იკისროს. ქომაგთა მატება, თავად მორაგბეების გარჯის გარდა, რაგბის კავშირის პოლიტიკის შედეგიცაა, რომელმაც თამაშების გარეკლამების და ბილეთების დიზაინის ცვლილებასთან ერთად, მასზე ერთა თასის მასშტაბითაც კი უპრეცენდენტოდ დაბალი ფასი დააწესა.

მაგალითისთვის, ერთი კვირის წინ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ევრო იყო, ჩვენთან კი, გინდ რუსეთთან და გინდ რუმინეთთან, სტადიონზე შესვლა 3-5 ლარი ღირდა. დიახ ღირდა, რადგან თუ თადარიგი ადრიანად არ დაიკავეთ, ახლა ბილეთის შესაძენად ბევრად მეტის გადახდა მოგიწევთ. ქართული რაგბის პროგრესი და გულშემატკივართა მატება, უსინდისო “თანამოქალაქეებს” არ გამოპარვიათ და ბოლო დროს სტადიონებთან გადამყიდველთა არმია მრავლდება.

რამდენიმე წლის წინ 1-2 გადამყიდველი მხოლოდ რუსეთთან თამაშის წინ გამოჩნდებოდა, ამ “ნაცნობ” სახეებს ფიჯის, იაპონიის, კანადისა და სამოას ნაკრებებთან თამაშისასაც შენიშნავდით, ახლა კი, “მიხეილ მესხის” სალაროებთან 10-15 “ბიზნესმენი” დგას, რომლებიც უსინდისობასთან ერთად აგრესიულობით, ან დამრიგებლური ტონითაც გამოირჩევიან.

გუშინ გადამყიდველები 3-ლარიან ბილეთებს 5 ლარად აფასებდნენ, 5-ლარიანს კი 10-15 ლარად ყიდდნენ. აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, 5-ლარიანი ბილეთების სალაროში შოვნა უკვე შეუძლებელი იყო, გუშინ კი, ოფიციალურად 3-ლარიან ბილეთსაც ვერ შეიძენდით. როგორც ჩანს, გადამყიდველებმა თავიდანვე დაიჭირეს თადარიგი, ჯერ უფრო “მომგებიანი”, 5-ლარიანი ბილეთები დაიბევეს და მერე 3-ლარიანებიც აითვისეს.

“გადამყიდველები რომ ვნახე გავაპროტესტე და მოულოდნელად, ისინი ყველა მხრიდან შემომესივნენ, აგრესიულები იყვნენ და მზად იყვნენ ვეცემე. ამ ყველაფერს ოდნავ მოშორებით მდგომი პატრულის თანამშრომლებიც უყურებდნენ, მაგრამ არ ჩარეულან. ალბათ ელოდნენ, როდის გავიქნევდი ხელხს და მერე მე დავისჯებოდი, ისინი კი, ბილეთების გაყიდვას გააგრძელებდნენ” - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

აღმოჩნდა, რომ გადამყიდველების წინააღმდეგ კანონმდებლობაში არაფერი წერია და მათ მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ, მაგრამ როგორც ვიცი, საშემოსავლოს გადახდა ყველას ვალდებულებაა და ძნელად დასაჯერებელია, რომ ამ ჩვეულებრივი დამნაშავეების, გულშემატკივრების მღლეტავების ასალაგმად რაიმე საშუალება არ მოიძებნებოდეს. სპორტის სამინისტროში ამბობენ, ეს ჩვენი პრეროგატივა არააო, საქართველოს რაგბის კავშირი გამოსავალს ვერ პოულობს და არც სამართალდამცავები ერევიან საქმეში.

არადა: “მორჩა, მე დღეს აღარ ვყიდი ბილეთებს. ახლა იქით გეხვეწებით და კარგ ფასს გთავაზობთ, ხვალ ისევ ჩემთან მოხვალთ და უფრო ძვირად მოგყიდით ამ ბილეთებს” - შეუტია ერთ-ერთმა გადამყიდველმა მყიდველს, რომელიც ფასის დაწევას ითხოვდა.

რა გამოსავალი არსებობს ასეთი სიტუაციიდან? რადგან პოლიცია და კანონი გადამყიდველებს ვერაფრეს ვნებს, გულშემატკივრებში მუსირებს აზრი, რომ კარგი იქნება, თუ სტადიონის ყველა კარი გაიღება და ამით უნამუსოებს ბიზნესი ჩაუვარდებათ. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბილეთიან მაყურებლებს თავიანთ ადგილზე დაჯდომა გაუჭირდებათ და თანაც, ვფიქრობ, გადამყიდველებს “მოგება” ისეთი ექნებათ, “ზარალში” მაინც არ წავლენ.

პირადად მე, ის უფრო მაინტერესებს, საიდან ხვდება გადამყიდველების ხელში ასეთი დიდი რაოდენობის ბილეთი. სალაროში გუშინ ამბობდნენ, რომ ერთ ადამიანზე 5-ზე მეტ ბილეთს არ ყიდდნენ, არადა, ამათ ასეულობით უჭირავთ ხელში. ვფიქრობ, ვიღაც შიგნიდან უნდა “მამაძაღლობდეს” და წილის სანაცვლოდ თანამოაზრეებს ამარაგებდეს. სწორედ ამ “ვირთხის” აღმოჩენა და სამაგალითო დასჯაა საჭირო, რათა სხვებს მსგავსის სურვილი გაუქრეს და თუ კანონმდებლობაც შეიცვლება კიდევ უკეთესი. ეს სამომავლო საქმეა, მანამდე კი, მაინც მგონია, უკანონო შემოსავლებისთვის დამნაშავეების დასჯა, შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში, ახლაც შეიძლება და თუ ეს ხალხი ამ კუთხითაც მართალია, მაშინ აღარ ყოფილა საშველი.

0.306892